GitHub-თან კავშირი პროქსის გავლით

არ მგონია რომ ეს პოსტი ბევრისთვის სასარგებლო გამოდგეს, მაგრამ მთელი დღე დამაკარგინა და ვერ მოვითმენ რომ არ დავწერო..

GitHub.com არის პროექტების ჰოსტინგის სერვისი ვებ ინტერფეისით, რომელიც Git version control სისტემას იყენებს. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ იქ განათავსოთ პროექტის კოდები და ფაილები. ის ცვლილებების ისტორიასაც შეინახავს. შეიძლება სხვადასხვა განშტოებების და ვერსიების გამოყოფა და გუნდური მუშაობის დროს მოსახერხებელია კოდების ასე ცენტრალიზებულად არსებობა.

ძალიან არ ჩავუღრმავდები სისტემის აღწერას – კარგი ინსტრუქციები აქვთ. მაგრამ დღეს ისეთი კომპიუტერიდან დამჭირდა ცვლილებების ატვირთვა, რომელიც proxy-ის უკან იყო და ამისთვის ვერც ისე ბევრი რესურსი ვნახე.
თან არასტანდარტული პორტებიც დაბლოკილია, ssh-ით შესვლის დროს კი 22 პორტია საჭირო.

GitHub-ი რამდენიმე შესაძლებლობას გვაძლევს შესვლისთვის: ssh, https და git read-only
https-ით ssl-ის სერტიფიკატების პრობლემის გამო რატომღაც ვერ დავუკავშირდი, ამიტომ ვუკავშირდები ssh-ით ოღონდ https-ის პორტით – 443.

ჩემთან ასეთი ნაბიჯები შევასრულე:
~/.ssh საქაღალდეში შევქმენი კონფიგურაციის ფაილი config შემდეგი შიგთავსით:

Host github.com
User <მომხმარებელი>
Hostname ssh.github.com
ProxyCommand /c/connect.exe -H <პროქსის მისამართი>:<პროქსის პორტი> %h %p
PreferredAuthentications publickey
IdentityFile ~/.ssh/id_rsa
Port 443

ProxyCommand არის option, რომელიც OpenSSH-ში SOCKS პროტოკოლის შესაცვლელად ჩაემატა და საშუალებას იძლევა რომ სხვა პროგრამები გამოიყენოს ssh-მა პროქსისთან ურთიერთობისთვის. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა connect.c

მე ვინდოუსიდან ვცდილობდი ატვირთვას ამიტომ გადმოვწერე კომპილირებული ფაილი აქედან: http://dl.dropbox.com/u/2177278/connect.exe (თავის საიტზე არ მუშაობდა ლინკი).

ასეთმა კონფიგურაციამ არ იმუშავა, მაგრამ connect.exe-ს აქვს ერთი კარგი პარამეტრი -d დებაგისთვის (მაგ: ProxyCommand /c/connect.exe -d -H <პროქსის მისამართი>:<პროქსის პორტი> %h %p) და მაგის მითითების შემდეგ უფრო დეტალურად წერს სად რა პრობლემა შეხვდა. ძალიან დიდი ალბათობით მანდვე იპოვით მიზეზს.

ჩემ შემთხვევაში პრობლემა პროქსისთან აუტენტიფიკაცია იყო. პროქსის პაროლის მითითებისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ environment variable-ებში ღია სახით გაწერა არ მომეწონა და არც იმუშავა ჩემთან. არც git-ის global http.proxy პარამეტრმა იმუშავა (აქაც ღია სახით იყო გაწერილი).

ბოლო ბოლო გადმოვწერე Cntlm Authentication Proxy, რომელიც მანქანაზე გასაშვები სერვისია, პროქსის და აპლიკაციებს შორის დგება და ავტორიზაციას გადის მათ მაგივრად. მისი გამოყენების მარტივი მაგალითი არსად ედოთ და მაინც წამაკითხეს მთელი დოკუმენტაცია :D ამიტომ მოკლედ დავწერ როგორ მუშაობს:

Cntlm სერვისია და ინსტალაციის შემდეგ ავტომატურად არის გაშვებული. შეგიძლიათ Control panel-ის Administrative Tools-ში შეხვიდეთ და ამოაგდოთ.
პროგრამა უსმენს კონფიგურაციაში გაწერილ მისამართს და პორტს, მაგალითად: 127.0.0.1:3128
ამიტომ ყველა იმ პროგრამის კონფიგურაციაში, რომელიც გინდათ რომ მისი გავლით პროქსის დააკავშიროთ, პროქსის მისამართის მაგივრად უნდა მიუთითოთ ეს მისამართი და პორტი.

პროქსის პაროლის შეყვანა ერთხელ არის საჭირო – თავიდან. შემდეგ დოკუმენტაციის (Configuration hints განყოფილების) მიხედვით უნდა დააგენერირებინოთ თავისი პაროლი, გადაიტანოთ კონფიგურაციის ფაილში და შემდეგ სულ იმით გაივლის ხოლმე ავტორიზაციას.

მე Git Bash-დან ვუშვებდი ბრძანებებს და კავშირს ამით ვამოწმებდი ხოლმე:
$ ssh -v git@github.com

ამ პრობლემის გადასაჭრელად ძირითადად ეს პოსტები დამეხმარა:

Using Github Through Draconian Proxies
Git SSH problem – bad file number 

ცუდი ის იყო, რომ github-დან კლონი უპრობლემოდ გაკეთდა და ფაილები წამოიღო სერვერიდან, მაგრამ push-ის დროს არაფრით ამთავრებდა ოპერაციას (არც timeout შეცდომით) და მაგის გამო კავშირის პრობლემაზე არ მიფიქრია თავიდანვე. მერე გამახსენდა, რომ კლონი IDE-დან გავაკეთე.. და push არ ჰქონდა იქ..

რჩევები საიტის ოპტიმიზაციისთვის (Front end)

დაახლოებით ერთი თვის წინ GeOlymp-ის საიტის გარეგნული მხარე განვაახლეთ თუმცა ბრაუზერის მხარეს სწრაფად ჩატვირთვისთვის საჭირო ოპტიმიზაცია არ გამიკეთებია. ამ პოსტში შევეცდები იმ თემებზე ვისაუბრო, რასაც ამ პროცესზე აქვს გავლენა; ამასთან, რეალურად შევასრულო ისინი საიტზე და ჩატვირთვის დროები შევადარო.

ახლა ქრომი მაჩვენებს, რომ ჯეოლიმპის ერთ-ერთი მთავარი გვერდის გახსნის დროს სერვერზე 42 მოთხოვნა იგზავნება, 307.9 კილობაიტი იტვირთება და 1.2 – 2.3 წამს ანდომებს გვერდის ჩატვირთვას. შევეცდები ამის გაუმჯობესებას..

1. ნაკლები რაოდენობის HTTP მოთხოვნის გაგზავნა სერვერზე
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომელსაც შესამჩნევი შედეგი აქვს, სერვერზე გასაგზავნი HTTP მოთხოვნების შემცირებაა. ეს მოთხოვნები იგზავნება თვითონ html ფაილის და ასევე თითოეული კომპონენტის წამოსაღებად, რასაც საიტი შეიცავს (სურათები, css და javascript ფაილები, ა.შ.).

http მოთხოვნა საკმაოდ მძიმე ოპერაციაა, რადგან მის შესასრულებლად საჭიროა DNS სერვერთან მისვლა, დომენის შესაბამისი ip მისამართის მიღება, მიღებული მისამართის საშუალებით ჰოსტ სერვერის მიგნება და ბოლო ბოლო ვებსერვერიდან რესურსის წამოღება. თუ ეს პუნქტები გეოგრაფიულადაც დაშორებულია (მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებში), მოთხოვნას უფრო მეტი სერვერის და ქსელის გავლა უწევს და დრო შესაბამისად იზრდება (ილუსტრაცია: როგორ მუშაობს ინტერნეტი).

მართალია, ბრაუზერს შეუძლია დომენიც და რესურსებსაც კეშში შეინახოს, მაგრამ როდესაც მომხმარებელი პირველად ხსნის გვერდს ან კეში ცარიელი აქვს, მისთვის საიტის ჩატვირთვა ბევრად დიდ დროს წაიღებს. მე პირადად არ შემიდგენია სტატისტიკა, თუმცა, მაგალითად, Yahoo-მ ჩაატარა გამოკვლევა, რომ ენახა რამდენი მომხმარებელი ნახულობდა საიტს ცარიელი კეშით და იმ დროს მათი რაოდენობა საშუალოდ მომხმარებლების 40-60% პროცენტი გამოვიდა.

საიტის სხვადასხვა კომპონენტების ჩამოტვირთვას კიდევ ერთი ცუდი თვისება აქვს. ისინი პარალელურ რეჟიმში არ იტვირთებიან, არამედ ერთმანეთს ელოდებიან.

HTTP / 1.1 სპეციფიკაციის მიხედვით რეკომენდირებულია, რომ კლიენტიდან ერთ დომენთან პარალელურად მხოლოდ ერთი ან ორი კავშირი არსებობდეს. თუმცა ახალი ბრაუზერები ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებდნენ და 4-მდე ან 6-მდე აქვთ რაოდენობა შეზღუდული. ეს პარამეტრი მომხმარებელს შეუძლია თავისი ბრაუზერის კონფიგურაციიდან შეცვალოს და კავშირების ლიმიტი გაზარდოს. შესაბამისად, მეტი რესურსი ჩამოტვირთოს პარალელურად.

ერთდროულად ჩატვირთების რაოდენობა მომხმარებლისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება გაიზარდოს, რადგან შეზღუდვა დომენის სახელს უკავშირდება. თუ ჩვენ რესურსებს სხვადასხვა სერვერზე ან დომენების ალიასებზე და ქვედომენებზე გავანაწილებთ, მაშინ ბრაუზერები მათ პარალელურად წაიღებენ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჩატვირთვების რაოდენობის გაზრდის პროპორციულად კლიენტის პროცესორზე იზრდება დატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ფარდობითი მაჩვენებელია, რადგან სხვადასხვა პროცესორზე სხვადასხვა შედეგი იქნება.

როგორ შევამციროთ HTTP მოთხოვნების რაოდენობა?
1.1. საიტის დიზაინში ხშირად გამოიყენება პატარა ილუსტრაციები, ხატულები, სხვადასხვა გრაფიკული ელემენტები. მათი უმეტესობა ისეთი სახით გვხვდება საიტზე, რომ შესაძლებელია css-ში აღვწეროთ და css sprite-ის სახით შევინახოთ: ყველა ილუსტრაცია არის ფაილში და შემდეგ css-ის საშუალებით ”კოორდინატების” მითითებით გამოვაჩენთ ილუსტრაციის ნაწილს.

მაგალითად, Facebook-ის სპრაიტი ასე გამოიყურება:

Facebook icons

FB icons

სპრაიტის შექმნის დროს ჯობია რაც შეიძლება ახლოს იყოს ფაილები განლაგებული, რომ ფაილის ზომა დიდი არ გამოვიდეს. სურათის ოპტიმიზაციაზე შემდეგ უფრო დეტალურად დავწერ.

ამ პროცესის ავტომატიზაციისთვის არსებობს რამდენიმე საიტი, მაგრამ მე ხელით მირჩევნია ხოლმე დალაგება და ზომების აღება.

1.2. HTTP მოთხოვნების რაოდენობა ასევე შეიძლება შევამციროთ css და javascript-ის ფაილების გაერთიანებით. მართალია, ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ გვერდზეა დამოკიდებული, თუ რომელი სკრიპტის და სტილის ფაილებს გამოიყენებს, მაგრამ მაინც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ისეთი ნაწილები, რომელიც ყველასთვის საჭიროა და შესაბამისად გავაერთიანოთ ფაილები.

მეორეს მხრივ ფაილების გაერთიანება სხვა პრობლემას ქმნის. თუ პარალელურად ახერხებს ბრაუზერი ჩატვირთვას, არ იქნება კარგი, ყველაფრის ერთ პროცესად ჩატვირთვა ვაიძულოთ. თანაც მას მოსდევს კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი. მაგალითად, iphone, სადაც iOS 3.1.3 ვერსიის სისტემა აქვს, ბრაუზერის კეშში ისეთ კომპონენტებს ინახავს, რომელიც 25.6 კბ-ს არ აღემატება შეკუმშვის გარეშე.

კომპონენტების ჩამოტვირთვის გასაპარალელებლად არსებობს სკრიპტი head.js, რომელიც თავის თავზე იღებს ჩვენი სკრიპტების ორგანიზებას და მათ ჩატვირთვას. ბიბლიოთეკა თავისი სიმარტივით გამოირჩევა და საკმაოდ გავრცელებულია. ბევრმა ჩაატარა შესამოწმებელი ტესტები (მაგალითად, Fero Novak-ის ბლოგზეა პოსტი ამის შესახებ) და უმეტეს შემთხვევაში მართლაც დიდი პროცენტით ასწრაფებს გვერდის ჩატვირთვას, თუმცა ზოგს პრობლემა აქვს მისი სხვა სკრიპტებთან ერთად გაშვების დროს.

მე პირადად არ გამომიცდია და თქვენ თუ იყენებთ ამ სკრიპტს, სიამოვნებით მოვისმენდი შთაბეჭდილებებს.

1.3. მოვერიდოთ Frame-ებს, რამდენადაც შეიძლება. თუ ორი frame გვაქვს, მინიმუმ სამი http მიმართვა იგზავნება – ერთი frameset-ის შიგთავსის წამოსაღებად და ორი მასში არსებული frame-ებისთვის.

2. Content Delivery (Distribution) Network-ის გამოყენება
CDN კომპიუტერების ქსელია, სადაც ერთი და იგივე ინფორმაციის ასლები ინახება. სერვერები ფიზიკურად სხვადასხვა ადგილებშია განლაგებული და როცა მომხმარებელი ინფორმაციის წამოსაღებად მიმართავს სისტემას, მოთხოვნას უპასუხებს მომხმარებელთან ქსელის თვალსაზრისით ყველაზე ახლოს მყოფი სერვერი.

დიდ ინტერნეტ კომპანიებს ხშირად საკუთარი CDN ქსელები აქვთ. თუ აპლიკაციას ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და სწრაფქმედება მნიშვნელოვანია, მან შეიძლება ასეთი ქსელის პროვაიდერების სერვისი გამოიყენოს (მაგალითად, Amazon CloudFront).

გუგლის CDN ქსელით ჩვენც შეგვიძლია ვისარგებლოთ – Google Libraries API ჯავასკრიპტის გავრცელებულ open-source ბიბლიოთეკებს ინახავს. მაგალითად, თუ საიტზე jQuery გვჭირდება, შეგვიძლია ჩვენი ჰოსტის მაგივრად სკრიპტი გუგლის CDN-დან წამოვიღოთ. ასეთ ჩატვირთვას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  1. იქიდან გამომდინარე, რომ ფაილი CDN ქსელშია, ის მომხმარებლის ბრაუზერამდე მოკლე დროში მიაღწევს;
  2. რადგან სკრიპტი საიტისგან განსხვავებულ დომენზეა, ბრაუზერი მას სხვა რესურსების პარალელურად ჩატვირთავს;
  3. იგივე მისამართს სხვა ათასობით საიტი იყენებს ბიბლიოთეკის ჩასატვირთად. თქვენი საიტის მომხმარებელს დიდი ალბათობით ფაილი უკვე ბრაუზერის კეშში ექნება და წამოღება აღარ დასჭირდება.

3. CSS და Javascript კოდები გარე ფაილებში
სასურველია, რომ css სტილები და ჯავასკრიპტის კოდი რამდენადაც შეიძლება გარე ფაილებში იქნას გატანილი. როდესაც, მაგალითად, html ფაილში inline სტილებს ვწერთ, ამით ფაილის ზომასაც ვზრდით. გარე ფაილებს ბრაუზერი კეშში ინახავს. გვერდზე მეორედ შესვლის დროს ის მათ კეშიდან აიღებს და ხელმეორედ არ მიმართავს ვებ სერვერს.

4. Expires ჰედერი სტატიკურ ფაილებზე
როდესაც რაიმე რესურსზე ვგზავნით HTTP მოთხოვნას, ვებ სერვერი HTTP პასუხს აყოლებს Expires ჰედერს, რომელიც ბრაუზერს აცნობებს, რამდენი ხანი შეიძლება შეინახოს რესურსი თავის კეშში. ამ ჰედერს ითვალისწინებენ როგორც ბრაუზერები, ისე პროქსი სერვერები; რესურსებს შესაბამისად აკეშირებენ და მომხამრებელს ხშირად აღარ უწევს მათი ხელახლა წამოღება სერვერიდან.

შეგვიძლია ვებ სერვერი ისე დავაკონფიგურიროთ, რომ გარკვეულ ფაილებზე ან ტიპებზე შესაბამის Expires ჰედერში შორი მომავლის თარიღი მიუთითოს (თუმცა ერთ წელს არ უნდა გადააჭარბოს HTTP / 1.1 სპეციფიკაციის მიხედვით).

ამ მეთოდს უარყოფითი მხარე იგივე აქვს, რაც დადებითი. ბრაუზერი და პროქსი სერვერი ფაილებს არ წამოიღებს სერვერიდან, მაშინაც კი, თუ მათ განვაახლებთ, ამიტომ ასეთ განახლებებზე ფაილის სახელების შეცვლა იქნება საჭირო.

თუ აპაჩის ვებ სერვერს იყენებთ, mod_expires ან mod_header-ს მოდულების კონფიგურირება ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ: Using a far future expires header

5. CSS და Javascript ფაილების ზომის შემცირება
სტილების და ჯავასკრიპტის კოდის წერის დროს მნიშვნელოვანია, რომ კოდი სუფთად და დალაგებულად დაიწეროს. ეს პროგრამისტს მის მოდიფიკაციებს და დროთა განმავლობაში შენახვას გაუადვილებს, მაგრამ ბრაუზერისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა განლაგებით ეწერება ტექსტი ფაილში. არსებობს ბევრი სხვადასხვა მინიმიზატორი, რომელიც ჩვენი კოდიდან ცარიელ ადგილებს წაშლის, ლოკალურ ცვლადებს სახელებს დაუპატარავებს და ა.შ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი მინიმიზაციის შედეგად ხშირად კოდი ძალიან მცირდება ზომაში.
მაგალითად jQuery-ის 1.7 ვერსიის სრული სახით მოცემული ფაილი 229 კილობაიტია, როცა მინიმიზირებული და შემდეგ gzip-ით შეკუმშული ფაილი მხოლოდ 31 კბ.

6. ტექსტური ფაილების შეკუმშვა Gzip მეთოდით
ტექსტური ფაილების ზომა დაზიპვის შემდეგ ძალიან მცირდება – 10-ჯერ, 20-ჯერ..
კარგი იქნებოდა, რომ ბრაუზერთან დაზიპული ფაილები იგზავნებოდეს, რაც ცხადია ბევრად სწრაფად მივიდოდა. სწორედ ამას აკეთებს ვებ სერვერი, თუ შესაბამისად დავაკონფიგურირებთ. ის კუმშავს ფაილს და უგზავნის ბრაუზერს, რომელიც ზიპიდან სრულ ფაილს აღადგენს და დაარენდერებს.
მთელი პროცესი ორი ძირითადი ნაბიჯისგან შედგება:

  1. თუ ბრაუზერს შეუძლია შეკუმშულ ფაილთან გამკლავება, ის ვებ სერვერთან გაგზავნილ მოთხოვნას შემდეგი სახის ჰედერს აყოლებს: Accept-Encoding: gzip, deflate
    gzip და deflate შეკუმშვის მეთოდებია. ბევრ საიტზე წერია, რომ gzip ყველაზე კარგი არჩევანია, მაგრამ ტესტების მიხედვით მე პირადად ვერ მივხვდი, რატომ არის სხვებზე ბევრად უკეთესი. ტესტები და შედარება შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ: Compression Tests
  2. ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, თუ სერვერს შეუძლია ფაილების შეკუმშვა, ის ბრაუზერს შეკუმშულ ფაილს დაუბრუნებს და ამას Content-Encoding: gzip ჰედერით შეატყობინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვეულებრივ გაგზავნის პასუხს.

ასეთი სახის შეკუმშვა უმჯობესია მხოლოდ ტექსტურ ფაილებზე გამოვიყენოთ, და არა, მაგალითად, სურათებზე ან pdf ფაილებზე, რადგან ისინი ისედაც შეკუმშულ ფორმატშია და ფაილის ზომა შეიძლება პირიქით გაიზარდოს.

Apache-ს ვებ სერვერის შემთხვევაში კონფიგურაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ საიტზე: How To Optimize Your Site With GZIP Compression

იმის გაგება, შეკუმშული მოდის თუ არა სერვერიდან ფაილები, პასუხის ჰედერებში შეიძლება. ან მაგალითად Http compression test საიტზე.

7. სურათების ფორმატები და შეკუმშვა
პირველ რიგში, ალბათ ისედაც არავინ აკეთებს, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ სურათები html გვერდზე გამოყვანის დროს არ უნდა დავაპატარაოთ, არამედ სერვერზე უნდა გვქონდეს ის შესაბამის ზომებში შენახული და გვერდზე მხოლოდ საჭირო ზომის სურათი ჩავტვირთოთ.

სურათის ზომა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ფორმატში შევინახავთ. ამის შესარჩევად უნდა ვიცოდეთ რომელი ფორმატი როგორი სახით ინახავს მას.
Clever PNG optimization techniques
Clever JPEG optimization techniques

ზოგადად მე ასეთ წესს ვიყენებ, რომ თუ ფოტოს მსგავსი გამოსახულებაა, jpg-თი ვკუმშავ, ხოლო გრადაციებს ან ცოტა ფერიან, მარტივ გამოსახულებებს png-ში და gif-ში ვამოწმებ. შედეგს ვადარებ და ვირჩევ.

თურმე კიდევ შეიძლება მიღებული png სურათის გაუმჯობესება. მაგალითად, არსებობს ასეთი საიტი Smush it! რომელიც ატვირთულ ფაილებს დანაკარგის და ხარისხის გაფუჭების გარეშე აოპტიმიზირებს.

ჯეოლიმპის შემთხვევაში გავაერთიანე წვრილ წვრილი პატარა ზომის ჯავასკრიპტის ფაილები. ზოგან შეუკუმშავს ვიყენებდი და გამოვასწორე..
ძირითადი css ფაილი მინიმიზაციის შემდეგ 27%-ით შემცირდა ზომაში და 53.2კბ-დან 38.5კბ-ზე ჩამოვიდა.

.png ფაილები smushit საიტზე გატარების შემდეგ ჯამში 140.76 კბ-ით ანუ 49.68%-ით შემცირდნენ.

განახლებულ საიტზე იგზავნება 29 http მოთხოვნა, ჯამში 173 კბ და მთლიანი ჩატვირთვის დრო საშუალოდ 0.8 – 1.0 წამია.

ანუ, კეშირების გარეშე ასეთი სურათია

ძველი ახალი გაუმჯობესება
მოთხოვნები 42 29 30.9%
ფაილების ზომა 307.9 173 43.81%
ჩატვირთვის დრო 1.2 – 2.3 0.8 – 1.0 ~40%

აქ gzip-ით შეკუმშვა არ შედის, იმიტომ, რომ მანამდეც ჩართული იყო ის, მაგრამ შეკუმშვის გარეშე 173 კილობაიტის ნაცვლად დაახლოებით 432 კილობაიტი გამოვიდოდა.

იმავე გვერდის refresh-ის შემდეგ კეშირების წყალობით მხოლოდ 15 კილობაიტი იტვირთება და onload-მდე დრო საშუალოდ 0.4 წამია.

დრო ორჯერ შევამცირეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის რომ იგივე დროში ორჯერ მეტ მომხმარებელს მოემსახუროს საიტი. ამისთვის სერვერის მხარეს იქნება ცვლილებები საჭირო.