ხატვა ვექტორებით და ყველაზე მოსახერხებელი პროგრამა

ამას წინათ ჩემს ძველ ნახატს გადავაწყდი და ერთი ისტორიის მოყოლა მომინდა.
ადრე, სანამ flat სტილი შემოვიდოდა მოდაში, აღფრთოვანებული ვიყავი ხოლმე მხატვრებით, რომლებიც ძალიან დეტალურად და ოდნავ რეალისტურად ხატავდნენ ვექტორებით. ვცდილობდი მათგან მესწავლა და რადგან წესიერი მხატვარი არა ვარ, ფოტოების ყურებით ვაწყობდი ხოლმე ამ ნახატებს სავარჯიშოდ (ოთხი წელი გასულა უკვე v_v).

cupcake

სიტყვა ვექტორულს იმიტომ ვახსენებ, რომ ეგრე აწყობა რადიკალურად განსხვავდება ნახატის ხელით შექმნისგან. კომპიუტერში ორ განზომილებაში ხატვისთვის ძირითადად რამდენიმე ვარიანტი გვაქვს – ან რასტრული, ან ვექტორული, ან კოდის დაწერა და იმით ხატვა :)) ბოლო არ გვინდა და მოდი მოკლედ ვიტყვი წინა ორის შესახებ:

რასტრულის შემთხვევაში ვიღებთ და სხვადასხვა ფერად ვაფერადებთ სათითაო პიქსელს, აი მაგალითად ფოტოშოპში ფუნჯით როცა ვხატავთ ან რაიმე jpg, png სურათს ვამუშავებთ. ამის გამო, როცა შემდეგ ნახატს ვადიდებთ, ერთი პიქსელის ფერი იწელება სხვადასხვა პიქსელზე. პიქსელის ოთხკუთხედობის გამო, ორი ფერის შეხების ადგილი ძალიან მახინჯდება. დაპატარავების დროსაც გვაქვს საზღვრების პრობლემა.

ვექტორული ხატვის დროს პიქსელებს კი არ ვაფერადებთ, არამედ სასურველი ფორმის გარშემოწერილობას აღვწერთ წირის საშუალებით. ფაქტიურად უხილავ კონტურებს ვავლებთ და ფორმას ფერს ვაძლევთ. ამის შედეგად, რაც არ უნდა გავზარდოთ გარშემოწერილობა, პიქსელები მაგის შესაბამისად გაფერადდება და საზღვრების ხარისხი არ გაფუჭდება.

pen_tool

რასტრული ხატვა შედარებით მარტივია, დროც ნაკლები სჭირდება, და ზოგი ამოცანისთვის სავსებით საკმარისია, მაგრამ თუ არის შემთხვევა, რომ სხვადასხვა ზომით გვჭირდება ილუსტრაცია ხარისხის დაუკარგავად, მაშინ იძულებული ვართ ხოლმე ვექტორულად გავაკეთოთ.

vector_raster

Adobe-ს პროდუქტები ძალიან მაგარია ჩემი აზრით და მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ აზრზე ვერ მოვდიოდი ზოგიერთ ნახატს როგორ აკეთებდნენ მაგ პროგრამებით, აი მაგალითად როგორც ეს ადამიანი ხატავს.

რასაც ეგ აკეთებს ვიდეოში ჩრდილებისთვის ოვალური გრადაციებით (წრიული არა, ოვალური) და ლეველებით, ფოტოშოპში და ილუსტრატორში იყო შეუძლებელი. ახლა მგონი დაამატეს ილუსტრატორში, მაგრამ ჩემთვის ძველებურად მოუხერხებელია მაგის გამოყენება მოკლე დროში. კაი ხანი ვეძებე პროგრამა რაც ვიდეოშია – როგორც ჩანს იყო ეგეთი – Xara Xtreme ლინუქსისთვის. ვინდოუსისთვის არსებობს Xara Photo and Graphic designer

მას შემდეგ შემიყვარდა მისი სიმარტივე და მოსახერხებელი UI. აქაც არის ფენების ცნება.
ასე ვექტორებით ხატვის დროს მაუსიც საკმარისია ჩემი აზრით და დაფა არ არის აუცილებელი.

pearl

მერე იყო კიდევ რამდენიმე ნახატი, მაგრამ ბევრი დრო ვეღარ გამოვნახე მაგ სქილების დასახვეწად:

chocolate

ტექსტურებისთვის და სხვა დამუშავებისთვის ზოგჯერ ბოლოს ისევ ფოტოშოპში გადმომქონდა ხოლმე, მაგალითად ეს დრაკონი…

dragon

ისე, მაგ პერიოდში წარმოდგენა არ მქონდა როგორ წერდნენ პროგრამისტები ასეთ პროგრამებს. მერე მაგისტრატურაზე გავიცანი ერთ-ერთი ძალიან ძალიან მაგარი ლექტორი – გოდერძი ფრუიძე, რომელიც ამ წიგნით გვიკითხავდა კურსს – Computer Graphics and Geometric Modelling: Implementation & Algorithms

მართალია, ჩემი სიზარმაცის და მოუცლელობის შედეგად მხოლოდ ბეზიეს წირები მახსოვს, მაგრამ ზუსტად ეგ ბეზიეს წირების ალგორითმია თურმე, რითიც ვხატავთ ამ ფორმებს.

bezier

4 thoughts on “ხატვა ვექტორებით და ყველაზე მოსახერხებელი პროგრამა

  • 04 თებერვალი, 2016 at 14:36
    Permalink

    მაგარია. მიხარია გრაფიკით რომ დაინტერესებულხარ 🙂
    ვექტორული გრაფიკა კარგია, თავისი გამოყენების სფერო აქვს.
    ძალიან ეფექტურად იყენებენ ფონტების აღსაწერად, მაგალითად არის ვექტორული ფონტები სადაც სიმბოლოს გამოსახულია ბეზიეს წირებით და შესაბამისად ვიზუალიზატორს შეუძლია ნებისმიერი ზიმაზე დახატოს და კიდეები ისევ ისეთი სუფთა ექნება.
    ფაქტიურად სიმბოლოს აღწერ ფუნქციის სახით 🙂

    Reply
    • 05 თებერვალი, 2016 at 12:51
      Permalink

      🙂 ვა, მე მეგონა ყველა ფონტი ეგეთი იყო და ახლა ვნახე რომ ბიტმეპ ფონტები არსებობენ თურმე. ამდენი ზომებისთვის სათითაოდ როგორ აკეთებდნენ : /

      Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *