გლობალიზაციამ რომ ვერაფერი დაგვაკლოს

წყარო: ეროვნული სამოსის დღე
წყარო: ეროვნული სამოსის დღე
სათაურს ანდრო დგებუაძეს დავესესხები 🙂 ამ პოსტს მის გამოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ის ჩემი საყვარელი გამოსვლაა და გირჩევთ.

ეს წერილი უფრო პირადი ხასიათისაა და ჩემ თავთან დიალოგს ჰგავს. ვცდილობ, რაღაც კითხვებზე პასუხი მოვძებნო, თუმცა არც ისე წარმატებით გამომდის. ზოგიერთი კითხვა ბოლო დროს ხშირად ბრუნდება და პოსტის დაწერა მომინდა.

ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. მშობლები არასდროს გვზღუდავდნენ და არჩევანის თავისუფლებას ყოველთვის გვაძლევდნენ. ყველაფერს გვერდით დებდნენ და განათლებას პირველ ადგილზე აყენებდნენ. დედას წასვლაც კი არასდროს დაუშლია ჩემთვის, არადა არ უნდოდა ძალიან შორს ვყოფილიყავი ქვეყნიდან. ხომ არის გამოთქმა – საუკეთესო რამ, რაც შვილებს შეგიძლია მისცე – ეს ფრთებია და ფესვები. ჩემებმა ამ რთულ საქმეს გაართვეს თავი, ამიტომ მუდამ ვიქნები მათი მადლიერი და ამაყი.

ამ გადმოსახედიდან ვხედავ, რომ ქართული, ტრადიციული და თავისუფალი ძალიანაც კარგად შეესაბამება ერთმანეთს.

ბოლო დროს ხშირად მეფიქრება ამაზე. იყო პერიოდი, როცა ძალიან მიცრუებდნენ გულს ადამიანები და ვბრაზობდი მათზე – ქართველობა რა გადასარჩენი და შესანარჩუნებელია მეთქი.
რამდენიმე კარგი მეგობარი მყავს, არაქართული წარმოშობის და ყოველთვის როცა მათზე ვინმე ზემოდან დახედვას დააპირებს ამ მიზეზით, ვეუბნები, რომ მათ ქართველის ბევრი გაფუჭებული ქართული საქმე გაუსწორებიათ, ბევრად ღირსეული ადამიანები არიან ვიდრე ბევრი ქართველი ერთად აღებული (რაც სრული სიმართლეა). მათ არ სჭირდებათ ჩემი დაცვა, მაგრამ მე მჭირდება რაღაცნაირად. რა მოხდება ეს რომ ძალიან განვაზოგადო? რა მოხდება, მაგალითად, ნახევარი საქართველო ჩინეთი რომ გახდეს? მაინც იგივე განწყობა მექნება?
ახლა ვხვდები რომ ეს მეგობრები უბრალოდ ძალიან გამორჩეული ადამიანები არიან თავის ერშიც და ჩვენშიც, და გლობალიზაციას ამასთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ ზოგჯერ გვიმართლებს და მარგალიტებს ვხვდებით.

ისე, გარდაუვალია გლობალიზაცია? პლანეტის რესურსები ხომ შეზღუდულია. ყოველთვის გაიმარჯვებენ ძლიერები. ახლა ხომ ხმლით და ერთი ხელის მოსმით აღარ ხდება დაპყრობა. ხდება ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად, თანდათანობით. აღარ ვიარსებებთ პატარა ერები რამდენიმე დეკადაში? გავითქვიფებით თუნდაც ჩინეთსა და ამერიკაში? ცუდი იქნება ეს თუ კარგი?

ევოლუცია და ბუნებრივი გადარჩევა მხოლოდ ძლიერს დატოვებს. ვართ ჩვენ ძლიერები და გაგრძელების ღირსები? ჩვენ შეიძლება ვერც მოვესწროთ, მაგრამ ღირს ჩვენი ფასეულობები იმდენად, რომ დანარჩენ თაობებს შეუნარჩუნდეთ?
მეორე მხრივ, ხომ იბრძვიან ადამიანები ევოლუციის წინააღმდეგ? იბრძვიან წამლებით, ხელოვნური ჩარევებით, ძიებით.. იბრძვიან საკეისრო კვეთით (მაგალითად, ვიწროგავიანი დედების გენი ახლა მეტად ვრცელდება, არადა მალე მოეღებოდა ბოლო ჩარევის გარეშე). იქნებ ბრძოლისუნარიანობა უფრო საჭიროა? რაც არ უნდა არ მოსწონდეს ევოლუციას ჩვენი ფასეულობები, იქნებ შეიძლება მისი გადარჩენა ბრძოლით? მე მგონია, რომ ღირს გადარჩენა…

როგორც ჩანს, ზედმეტი ლმობიერება ყველა საქციელის მიმართ და ზედმეტი თავისუფლების მიცემა სისუსტეა. სისუსტეა, რადგან ყოველთვის იარსებებს მისი ბოროტად გამომყენებელი და საბოლოო ჯამში მას გადაუვლიან, გამოიყენებენ, შეჭამენ. ასევეა ეროვნული ფასეულობების გადარჩენის დროსაც. ახლა მესმის, რატომ აირჩიეს ტრამპი; რატომ წავიდა ბრიტანეთი ევროკავშირიდან – ლონდონის ფოტოებში თეთრკანიანი ადამიანების პოვნა გაგიჭირდებათ. არ ვამბობ, რომ ფერადკანიანი ცუდია, უბრალოდ ეს ინგლისი ის ინგლისი აღარ არის. ეს კულტურა ის კულტურა არ არის. მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს წასაკითხი გლობალიზაციის თემაზე, ალბათ ჭკვიან ადამიანებს ბევრი აქვთ დაწერილი ამის შესახებ, თუმცა რაღაცნაირად ამ ქვეყნების შემყურე ეროვნულობის დაცვის გრძნობა იღვიძებს ჩემში და ცოტა მიხარია კიდეც ჩვენი ‘ჩამორჩენილობა’. შეგვიძლია ‘წინ წასულები’ დავინახოთ და ისე ავირჩიოთ გზა.

თავისუფლად ვაკრიტიკებდი ხოლმე ჩვენს ტრადიციებს, ნაკლს უფრო მეტს ვხედავდი, ვიდრე კარგს. ალბათ იმიტომ, რომ მზამზარეული მომერთვა ყველაფერი და მისთვის ბრძოლა არ დამჭირვებია.
ნაკლის კრიტიკა და გამოსწორება ცუდი არაა ისე, უბრალოდ რაღაცებთან სიფრთხილე არის საჭირო. ალბათ გადაწყვეტილებამდე კითხვა უნდა დავუსვათ ჩვენს თავს – რომელი მირჩევნია, ეროვნული ფასეულობები თუ გლობალიზაცია? ამის შემდეგ, შეიძლება რაღაცაზე უკან დავიხიოთ, თუნდაც მართლები ვიყოთ. ან არ დავიხიოთ.

მაგალითად, მე შეიძლება არ ვიყო ეკლესიური, შეიძლება ბევრი შეხედულება არ მომწონდეს, შეიძლება საკუთარი აზრი მქონდეს ღმერთზე, მაგრამ ვხვდები – ქრისტიანობა ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ქართველ ერში. ყოველთვის ასე იყო. შეიძლება განავითარო ეკლესია, ნაკლებზე მიუთითო, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრძოლა პირდაპირ ანგრევს საყრდენს. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ილიას ვიმეორებ რაღაც მხრივ, ჭავჭავაძეს. ილიას კითხვაც ახლა დავიწყე და ახლა აღმოვაჩინე რეალურად. სკოლაში ის თითქოს ისტორიული პერსონაჟი იყო, ახლა კიდევ ამქვეყნიური და თან ძალიან ძლიერი ადამიანია. რაც უფრო გადის დრო, უფრო მეტ პატივს ვცემ. რელიგიაშიც კარგად გაგვიმართლა ისე. ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და ადამიანური მათგანი გვაქვს.

იმას არ ვამბობ, რომ ყველა ტრადიცია დასაცავია და ყველა ისტორია ღირსეულია. ბალანსია მთავარი, ვიცი, და ერთ ადგილზე დგომის და უკუსვლის ფუფუნება არ გვაქვს. პატარა მაგალითი რომ ვთქვა, ჩემთვის ისიც დადებითი ცვლილებაა, რა გზითაც ჯეჯელავა ცდილობს წინსვლას და რასაც ამდენი უარყოფითი აჟიოტაჟი მოჰყვა. ქართული ზღაპრების კრიტიკაც რაღაც მხრივ ეროვნულ ნაწილს ურტყამს, მაგრამ იქნებ ამდენი მატყუარა, აფერისტი და მარტივი გზების მაძებარი მართლაც იმიტომ გვყავს, რომ ყველაზე გავრცელებული გმირი ჩვენს ზღაპრებში ნაცარქექიაა? (სავარაუდოდ პირიქით). ან თუნდაც დედინაცვალი რატომ უნდა იყოს ასეთი საშინელი სიტყვა. მე დღემდე ვერ გამოვიყენებ ამ სიტყვას დადებით კონტექსტში. სამუდამოდ მაქვს თავში ჩაბეჭდილი. გამზრდელს დავუძახებ ადამიანს, მაგრამ დედინაცვალს ვერა. ზღაპრებს კიდევ იმიტომ მიადგა ეს ადამიანი, რომ ბავშვის განათლება სკოლამდელი ასაკიდან იწყება. ამბობენ, რომ 4 წლის ასაკში ბევრი რამ ყალიბდება და მას შემდეგ ძირეულად აღარც იცვლება ადამიანი.

გამიგრძელდა საუბარი და აღარ შეგაწყენთ ჩემი დილემებით. თქვენ თუ გადაჭერით უკვე თქვენ თავთან, სიამოვნებით მოგისმენთ.

4 thoughts on “გლობალიზაციამ რომ ვერაფერი დაგვაკლოს

  • 31 დეკემბერი, 2016 at 13:13
    Permalink

    ვახ, საინტერესოა. ერთი შეკითხვა კი მაქვს:

    > ლონდონის ფოტოებში თეთრკანიანი ადამიანების პოვნა გაგიჭირდებათ. არ ვამბობ, რომ ფერადკანიანი ცუდია, უბრალოდ ეს ინგლისი ის ინგლისი აღარ არის.

    “ის” ინგლისი/ლონდონი რომელია? 🙂 იმ თეთრებისვე აშენებული ლონდონიც, ნიუტონის დროინდელ ლონდონი არ არის, უკანასკნელიც არ არის იგივე რაც კანალიზაციით სავზე ჯოჯოხეთი ლონდონი 1300-იანებიდან, და არც ეგ ჯოჯოხეთი არ არის ის ქალაქი რაც რომაელებმა ააშენეს (მეტნაკლებად 😛 )…

    მე მგონი _კულტურის_ განსაზღვრა ძალიან ძნელია ქვეყნით. ქვეყნნის საზღვრები, ტრადიციები, ტექნოლოგიები ფასეულობები იცვლება მუდამ—შესაბამისად კულტურაც.

    საინტერესოა ეგ, და ხშირად წერე ხოლმე 🙂

    Reply
    • 31 დეკემბერი, 2016 at 16:24
      Permalink

      მადლობა ტოტო 🙂

      შენს შენიშნვაში სრულად გეთანხმები. ცოცხალი რაც არის – კულტურაც მუდამ ვითარდება, ენაც მუდამ მდიდრდება და ხალხური ცეკვის ელემენტებიც კი იცვლება. სხვანაირად არც უნდა იყოს.

      ორაზროვნად გამომივიდა იმ წინადადების დაწერა პოსტში. მაგ დროს იმაზე ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი სხვა კულტურის ხალხი დაემატა, მოსახლეობის მესამედზე მეტი უცხო ქვეყნიდან ყოფილა. იმათ რომ თავისი ფასეულობა მიაქვთ თან, ეგეც მისაღებია. საქართველოც გამოირჩევა სხვა კულტურების პატივისცემით და ჩვენთანაც ხომ ცხოვრობენ სხვა წარმომავლობის ოჯახები.
      უბრალოდ როდესაც ეს რაოდენობა უსაშველოდ იზრდება, ქვეყანა იძულებული ხდება მათზე მოეგოს. ბიზნესებს განსხვავებული აუდიტორია ემატება და ჩნდება მათზე მორგებული პროდუქტიც. სხვა კულტურის დღესასწაულები გაცილებით მასშტაბურია და ა.შ. ის ხალხი სათავისოდ ითხოვს ბევრ რამეს, თუნდაც კანონმდებლობაში.

      https://s3-us-west-2.amazonaws.com/vdare-live/wp-content/uploads/2016/01/24134725/LondonBurqasIslamPerfectSign-600×372.jpg

      ბრიტანეთმა კანონი მიიღო, რომლითაც მრავალცოლიან ოჯახებს მეტ თანხას უხდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პოლიგამია კანონიერი არ არის ბრიტანეთში, მაგრამ რადგან ეს ოჯახები სხვა ქვეყნებში შეიქმნა, სადაც იყო, ესეც იძულებული გახდა შესაბანისად მოქცეულიყო.

      ძალიან ბევრი სტატიაა, რომ უკონტროლო იმიგრაციამ სამუდამოდ შეცვალა ლონდონი. ამბობენ რომ ინგლისელები კვდებიან, სწრაფად მცირდებიან და ლონდონი ინგლისური ქალაქი კი არა, გეტოების ნაერთია.

      Brexit-ის სურვილის მიზეზი ბევრ სტატიაში ის ეწერა, რომ ინგლისი თავის ნაციონალობას კარგავს ამხელა იმიგრაციით.

      ეს ფოტოები შეიძლება გაზვიადებულია, მაგრამ მაგალითად ეს არის მოყვანილი, თუ როგორ გამოიყურება დღეს ლონდონი:

      https://www.google.ge/search?tbm=isch&q=london+immigration+photos

      Reply
      • 02 იანვარი, 2017 at 12:37
        Permalink

        პირველ რიგში, გილოცავ ახალ წელს! 🙂

        > […] ქვეყანა იძულებული ხდება მათზე მოეგოს. […] სხვა კულტურის დღესასწაულები გაცილებით მასშტაბურია და ა.შ. ის ხალხი სათავისოდ ითხოვს ბევრ რამეს, თუნდაც კანონმდებლობაში.

        ეს ოდნავ ძნელი თემაა, მარა მე საკმაოდ ხისტი აზრი მაქ. ეკონომიკური იმიგრანტები (ტოლვილებისგან განსხვავებით) სხვა ქვეყანაში უკეთესი ცხოვრებისათვის ჩადიან, შესაბამისად ისინი უნდა მოერგონ მასპინძელი ქვეყნის კულტურას და არა პირიქით. ეს პრობლემა მე მგონი ჰიპერ-ლიბერალურ ქვეყნებს აქვთ დღეს-დრეობით, რომელის ცალ ხელზე ჩამოსათვლელია და რომელშიდაც ინგლისი არ შედის 🙂

        ზოგადად, რადიკალიზმი თანამე გინდა მემარცხენე, გინდა მემარჯვენე თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა დღესდღეობით. მადლობა ინტერნეტს. (მე მიყვარს ინტერნეტი, მარა როგორც ყველფერს ინტერნეტსაც თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, რასაც მარკ ცუკერბერგი ჯიუტად არ აღიარებს… ვნახოთ 2017 როგორი იქნება 🙂 )

        > ძალიან ბევრი სტატიაა, რომ უკონტროლო იმიგრაციამ სამუდამოდ შეცვალა ლონდონი. ამბობენ რომ ინგლისელები კვდებიან, სწრაფად მცირდებიან და ლონდონი ინგლისური ქალაქი კი არა, გეტოების ნაერთია.

        ეს ბრიტანეთის (და თანამედროვე კაპიტალისტური ქყვეყნების) პრობლემაა და არა ემიგრანტების. ან ეკონომიკა ისე უნდა ააწყო ისე რომ მოსახლეობა არ გიბერდებოდეს (იხ. იაპონია—კიდევ უკეთესი მაგალითი) ან ემიგრანტებით უნდა “ავსებდე” ეკონომიკას და მუშა ძალას. ინგლისის პრესა “უკონტროლოს” რასაც ეძახის ის სახელმწიფოს მიერ შექმნილი ქუოტაა, რომ ეკონომიკა არ დაეცეს (იხ. ამერიკა).

        > ეს ფოტოები შეიძლება გაზვიადებულია, მაგრამ მაგალითად ეს არის მოყვანილი, თუ როგორ გამოიყურება დღეს ლონდონი

        (მგონი) ყველა დროშა რაც მანდ ხატია ოდესღაც ანექსირებული იყო მაგ ქვეყნის მიერ. მე მგონი იმის მერე რაც მაგ ქვეყნებს ყველა რესურსი ამოაცალეს, და რის საფუძველზეც კულტურის უდიდესი ნაწილი შეიქმნეს (“ინგლისური” ჩაი 😉 ) არც თუ ისე ცუდი საფასურია მაგ ქყეყნების ~0.1% მოსახლეობა შემოუშვება.

        ეს მორალურად სწორი პასუხია, სინამდვილეში კიდევ ისაა რაც ზემოთ დავწერე. არ მიიღებენ იმიგრანტებს და მოუვათ იგივე რაც იაპონიას მოსდის ეხლა. 2020 წლის მერე ახალგაზრდა იაპონელი ნახევარ ცხოვრებას იმაში დახარჯავს რომ მისი ქვეყბის მოხუცებს საჭმელი აჭამოს. (მშობლებს არა, ყველას.) აქაურ გიჟურ ოვერთაიმებზე და მონურ-კორპორატიულ მუშაობის სტილზე რო არაფერი ითქვას.

        არ გედავები, უბრალოდ მსჯელობ. და ძალიან მაწუხებს ზოგადად, რომ ამ ინტერნეტის ეპოქაში ხალხი ეგეთი ბინარული გახდა. ან ერთი გუდის წევრი ხარ ან მეორესი… რაც მე მგონია არასწორია, ცხოვრება რუხია და არა შავ თეთრი. (პოსტშიც შენც ეგ გიწერია ბოლო აბზაცში—”ბალანსია მთავარი, ვიცი, და ერთ ადგილზე დგომის და უკუსვლის ფუფუნება არ გვაქვს.”) 🙂

        Reply
        • 02 იანვარი, 2017 at 12:38
          Permalink

          * Note to myself: learn to proofread before clicking that button.

          —Sorry.

          Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *