არ შემიძლია, პოსტი არ მივუძღვნა Vanilla Cage-ის ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას <3 რადგან ვამაყობ ჩემი დის შესრულებით (drums). წარმატებებს გისურვებთ გოგოებო
)
Category Archives: Non-virtual life :)
ჩემი სემინარი თსუ-ში: ვებ აპლიკაციის უსაფრთხოება
რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების სტუდენტებმა ერთ საინტერესო წამოწყებას ჩაუყარეს საფუძველი : D
სტუდენტები ამზადებენ მათთვის სასურველ თემას და შემდეგ სხვა სტუდენტებს უტარებენ სემინარს.
მაგალითად აქამდე ჩატარდა სემინარები:
- HTML5-სა და HTML4–ს შორის განსხვავება და ახალი API–ები (ნინო ლომინეიშვილი)
- HTML5: Drag & Drop (მარიამ ხუნჯგურუა)
- HTML5 Web Storage (შოთა ბაკურაძე, არჩილ ვარშანიძე)
- Mobile Device Game Architecture (გიორგი აბელაშვილი)
- Introduction to Android development (ირაკლი მანაგაძე)
- Facebook for developers (დავით თვალჭრელიძე, გიორგი მაისურაძე)
სემინარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ხოლმე facebook-ზე.
ამ შაბათს, ანუ 22 იანვარს (როგორც ყოველთვის 17:00 საათზე ბიოლოგების კორპუსის 421-ე აუდიტორიაში) იქნება ჩემი სემინარი
რომელიც ვებ აპლიკაციის უსაფრთხოებას შეეხება.
დავიწყებ სულ საბაზო სტრუქტურის მიმოხილვით, თუ როგორ არის ქსელში მოწყობილი კლიენტისა და ვებ აპლიკაციის ურთიერთობა და რატომ არის ისეთი, როგორიც არის (HTTP პროტოკოლი, HTTP request / response, სესიები).
ხოლო შემდეგ განვიხილავ რა საფრთხე შეიძლება იყოს სისტემის თითოეულ ფენაზე – ვებ სერვერის მხარეს, გზაში, კლიენტის მხარეს.
შევეხები თემებს: Injecting OS commands / SQL / scripting languages, Directory traversal, Remote file inclusion, Persistent / Non-persistent XSS attack, Cross-site tracing და საშიში HTTP მეთოდები, DDoS attack, Brute force, და კიდევ რამდენიმე, თუ არ გამომაგდეს აუდიტორიიდან
ესეც ანონსი..
p.s. იმედი მაქვს ვინმე არ გადაწყვეტს დაამტკიცოს რომ აზრზე არ ვარ უსაფრთხოების და ხვალ ჩემი ბლოგი ცოცხალი დამხვდება : D ჩვეულებრივი ვორდპრესია და ბეკაპების გარდა არაფრისთვის ვიწუხებ თავს.
Trip to Google
Updated
ისე მოხდა, რომ ორი კვირის წინ google-ში ამოვყავი თავი
პოლონეთში, კრაკოვში მათი ოფისია. ხუთი ტექნიკური ინტევიუ ხუთ საათს გრძელდებოდა და საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ჩემთვის. აზარტულია, როცა რაიმეს ცოდნაში გცდიან. თუმცა მათი საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღე და თბილისში ვაგრძელებ ჩემს ”მოღვაწეობას”
კიდევ უფრო სასიხარულო იყო ჩემთვის რომ ჩვენიანებთან გავატარე ის ერთი კვირა და ეხლა ცოტა ხანი კიდევ არ მომენატრებიან
ვინც არ იცის რას ვგულისხმობ, ლეკვა და რაჭველა (აწ უკვე გუგლერები) ცოტა ხნის წინ გადასახლდნენ იქ.
ტექნიკური ინტერვიუების დეტალებზე მე მგონი ყველასთან სათითაოდ ვისაუბრე დაწვრილებით
მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს, აქაც დავწერ..
შთაბეჭდილებების გაზიარება არც ისე კარგად გამომდის ხოლმე
ამიტომ რამდენიმე ფოტო…
ეეეი.. ეხლა დავინახე თითები უკან
Update:
ხუთმა ინტერვიუმ ხუთ სხვადასხვა ადამიანთან ჩაიარა და სხვადასხვა თემის ირგვლივ სვამდნენ შეკითხვებს. პასუხი თუ კოდს შეიცავდა ფურცელზე ან დაფაზე იყო დასაწერი.
Coding შეკითხვები იყო შემდეგი (მე ჯავაზე ვწერდი, თუმცა შეიძლება C++-ზეც):
1. დასაწერი იყო მეთოდი, რომელსაც გადაეცემა პარამეტრად List ტიპის ობიექტი და მეთოდმა უნდა დააბრუნოს ამ ლისტიდან random ობიექტი. random-ისთვის შეიძლებოდა ჯავას Random კლასის გამოყენება.
მეთოდის დაწერის შემდეგ მოვიდა კითხვა, თუ როგორ გავტესტავდი ამ მეთოდს. და კიდევ, თუ რატომ იქრეშებოდა ჩემი დაწერილი მეთოდი ძალიან იშვიათ შემთხვევებში. კოდი ასეთია:
Object getRandom(List list){
if (list == null || list.size() ==0) do something;
int next = Random.nextInt(list.size());
return list.get(next);
}
2. დასაწერი იყო კეშის ზოგადი ინტერფეისი (ზოგადი ანუ, არა ერთი კონკრეტული ტიპის ობიექტების შესანახად, არამედ ჯენერიკებით) და შემდეგ ამ ინტერფეისის ერთ-ერთი რეალიზაცია.
3. დასაწერი იყო მეთოდი, რომელსაც პარამეტრად გადაეცემა ინდექსი (0-დან) და აბრუნებს შემდეგი სახის სტრიქონს: 0-ის შემთხვევაში A, 1 – B, ასე სანამ ინგლისური ალფაბიტი არ ამოიწურება. შემდეგ იქნება AA, AB…. AAA, AAB, AAC…
მაგალითად როგორც ექსელშია გადანომრილი სვეტები.
4. დასაწერი იყო Iterator-ის კლასი (next და hasNext მეთოდები), რომელიც დადის არა კოლექციის შიგნით, არამედ კოლექციების კოლექციაში. ანუ, რომ წარმოვიდგინოთ გადაბმული კოლექციები.
ალგორითმებზე შეკითხვები:
ერთი იყო სტრიქონის ანაგრამებზე, ჰეშირებას და ინდექს სორტზე, ხოლო მეორეში მოცემული იყო დიდი ტექსტი (სიტყვების მიმდევრობა) და ასევე მოცემული იყო სიტყვების მასივი (არც ისე დიდი). ამ დიდ ტექსტში უნდა მეპოვა ისეთი უმოკლესი ფრაგმენტი (სიტყვების რაოდენობით), რომელიც შეიცავდა მასივში არსებულ ყველა სიტყვას.
კიდევ ერთი კითხვა იყო ალგორითმებთან კავშირში: 10მბ ზომის ფაილი უნდა დამეკოპირებინა ერთი მანქანიდან 10000 მანქანაზე, ოღონდ სწრაფად. და ჩათვლილი იყო, რომ დისკიდან წაკითხვის და დისკზე წაკითხვის სიჩქარეა 100მბ/წმ, ხოლო ქსელში მონაცემების გადაცემის სიჩქარე – 1000 მეგაბიტი წამში. ასევე სანამ ფაილი ბოლომდე არ ჩაიწერება ერთ ადგილას არ შეიძლება იმ ადგილიდან მისი გადაწერა სხვაგან. და კიდევ ერთი კომპიუტერიდან რამდენიმეზე პარალელურად გაშვებული გადაწერა მაინც ცალცალკე დაითვლება, იმიტომ რომ არ შეუძლია ქსელში დაუკავშირდეს რამდენიმეს ერთად და ისე გადაუწეროს.
low level კითხვებში იყო ასეთი რამეები:
1. რა არის ბაიტის მაქსიმალური მნიშვნელობა?
2. როგორ შევინახოთ ბაიტში დიდი რიცხვი? მაგალითად 1000 ან 100 000
3. როგორ არის წარმოდგენილი float ტიპის მნიშვნელობა მეხსიერებაში?
4. როგორ არის ჯავაში რეალიზებული ArrayList? და საერთოდ როგორ ხდება დინამიური მასივის მართვა მეხსიერებაში
იყო კიდევ ერთი ასეთი შეკითხვა, რომელიც არ ვიცი რა ტიპში შედის..
ვთქვათ, მობილურის ერთ-ერთ ოპერატორს უნდა გაუკეთო sms-ების შესანახი ბაზა, რაიმე storage, რომელსაც შემდეგ აპლიკაციები გამოიყენებენ. რა მეხსიერებას (სერვერები) გამოყოფდი ამ sms-ების შესანახად?
მე მგონი სულ ეს იყო
better not be late :)
ხომ ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე უკეთ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ? მაგრამ არც საკუთარი შეცდომები ყოფილა საკმარისი. ყოველ შემთხვევაში, მე ესე მეჩვენება.. იმიტომ რომ ერთი გაკვეთილი ვერა და ვერ მასწავლა ცხოვრებამ და ყოველთვის, ყოველ ჯერზე შუბლით ვეჯახები მოუმზადებლად. : )
ბოლო სამი საღამო ტომას ჰარისის ნოველების სერიის ეკრანიზაციას ვუყურებ. კონკრეტულად, წითელ დრაკონს, კრავთა დუმილს, ჰანიბალს და მეოთხე ნაწილი ჯერ კიდევ წინ მაქვს.. პოპ კორნის მაგივრობას კი ბროწეულის მარცვლები მიწევდნენ. გენიალური იყო. ჩემთვისაც კი. ადამიანისთვის, რომელიც ახლოს არ ეკარება საშინელებათა ჟანრის ქვეშ აღნუსხულ ფილმებს (სინამდვილეში არ არის ეს საშინელება, დეტექტივია).
გაკვეთილის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას და კიდევ მრავალ მისნაირს არ შევხედავდი აღფრთოვანებით, არ ვისიამოვნებდი ისე, როგორც ახლა. არ განვასხვავებდი ბევრი სხვა ფილმისგან.. იმიტომ, რომ როცა კარგია, თითქოს იგულისხმება რომ ისედაც ასეთი უნდა იყოს, თითქოს სხვა არც უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი.. თითქოს რეჟისორი რისი რეჟისორია და მსახიობები რისი მსახიობები არიან თუ ასე არ ითამაშეს და ასეთი ფილმი არ შექმნეს.. მათ ძალისხმევას და ფილმის გენიალურობას მაშინღა ვხედავ როცა სხვას ვუყურებ, უხარისხოდ და უგულოდ ან პროფესიონალიზმის გარეშე შესრულებულს..
ბროწეული თითქოს არ უნდა ყოფილიყო კავშირში, მაგრამ მასთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე ისტორია მაქვს. როდესაც ღრმა ბავშვობაში ამ სახლში გადმოვსახლდით, სახლს ხეხილის ბაღი ჰქონდა შემორტყმული.. ძალიან ცოტა ხილს თუ მოვითვლიდი ხოლმე, რაც ჩემთან არ იზრდებოდა (ბევრი ხილი არც მქონდა ეტყობა ნანახი
). ბროწეულიც იქ იდგა. ალბათ ყველაზე ლამაზი. ყვავილობის დროს ყველაზე წითელი. ისეთი ნაყოფი დღემდე არ მინახავს. უშველებელი, დიდი წითელი მარცვლებით, ძალიან ტკბილი და ძალიან წითელი. მე კი ყოველთვის დედა მაძალებდა ჭამას. არ მახსოვს ჩემი სურვილით ამეღოს როდისმე
რამდენიმე წლის წინ ბროწეული გახმა. მოვჭერით და ყოველთვის როცა მომჟავო და მოთეთრო ბროწეულს მივირთმევ, მახსენდება, როგორ არ ვაფასებ იმას რაც მაქვს
გამოდის მნიშვნელობას ორი რამე იღებს – ის, რასაც ვკარგავ, ან ის რასაც დიდი ბრძოლის შედეგად ვიღებ. არ ვიცი ეს კარგია, თუ არა. არც ის, ბლოგზე რატომ ვწერ. იმიტომ რომ ეჭვი მაქვს ისევ არ დავაფასებ მას (რამეს) ისე, როგორც ის იმსახურებს, მანამ სანამ არ დავკარგავ
ნუ მაჭრით თმებს ;(
არც ავტორის და არც ბავშვის ვინაობა არ ვიცი, მაგრამ საშინლად მიყვარს ეს ფოტო.. :girl_in_love: და აქ იყოს რომ ხშირად დავინახო ხოლმე..

კიდევ ერთი ლოდინი დასრულდა…
ბლა ბლა ბლა მიზეზების გამო ბოლო ერთი თვე გზაში იყო და ახლახანს ჩამოვა ჩემთან ის რაღაცა, რაზეც 9 თვის წინ მქონდა პოსტი (Gadgets from my wishlist). მაშინაც და შეძენამდე ერთი დღით ადრეც არ ვფიქრობდი რომ მაგას ავირჩევდი.. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე რომ არც თუ ბევრი რამ მინდა.. უფრო სწორედ არაფერი მინდა ამდენი ხნის განმავლობაში (ამის გამოკლებით) და გამოვიწერე Wacom Cintiq 12wx.
ნუ, თუ არ ცდის ადამიანი, ბევრიც რომ ვილაპარაკო ძნელი აღსაქმელი იქნება – ძალიან მოსახერხებელია. წარმოიდგინეთ, რომ ფურცელზე გაქვთ ფოტოშოპის შესაძლებლობები (ძირითადად ამასთან მაქვს შეხება, თორემ სამ განზომილებიან ობიექტებზე მუშაობისასაც ხშირად გამოიყენება).
ფანქარს 1024 დაჭერის (pressure) დონე აქვს და ამის გამო ძალიან გავს ნამდვილს. ერთადერთი ხმა არ აქვს
ხატვის დროს.. არც დაყოვნების დროს შეამჩნევთ. ეკრანზეც ზუსტად იმ დროს დადის კურსორი, რა დროსაც ფიზიკურად ფანქარი.
ზედ არსებული shortcut ღილაკები ყველანაირად ხელს უწყობენ მომხმარებელს, რომ კომპიუტერის კლავიატურაზე არ მოუწიოთ ხელის გადაყოფა
პლანშეტის ეკრანი ცალკე მონიტორად უერთდება კომპიუტერს და უფრო დიდი სივრცეა ^^
ჯერჯერობით ნაკლი, რაც თვალში მხვდება, ბევრი კაბელები და ბლოკებია. ერთგან თუ ააწყობ, იმის მიგრაციას ერთი საათი უნდა
საერთო ჯამში კი იმაზე კმაყოფილი ვარ, ვიდრე შეიძლება
ეხლა მთავარია მოვიფიქრო, ლეკვას როგორ ვაჩვენო. თუ არა და მთის და მუჰამედის პრინციპით ვიმოქმედებ

p.s. სურათს ხვალ დღის სინათლეზე გადავუღებ
უტოპია
პოსტი არქივიდან…

4746 by CrazyTob
თბილისის ფორუმის ხშირი სტუმარი არ ვარ, მაგრამ ხანდახან წამიცდება ხოლმე მაინც ხელი და შევდივარ
იმ დღესაც ერთი თემის სათაურმა მიიქცია ყურადღება: ადამი და ევას მერე უარესობისკენ რატომ ვითარდება ყველაფერი და რამე თუ გვეშველება როდისმეო..
ეგ იყო და გამახსენდა პატარაობის თავსატეხი
ყველას უფიქრია ალბათ, ბავშვობაში მაინც, როგორი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი სამყარო, სადაც ყველა ტკივილის გარეშე იცხოვრებდა და ბედნიერი იქნებოდა : )
მახსოვს რომ ვერანაირ დასკვნამდე მივდიოდი და თავს ვანებებდი ხოლმე.
გვიან მივხვდი, ასეთი სამყაროს არსებობა ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია.
თუნდაც იმიტომ, რომ ფარდობითობა არ იძლევა ამის საშუალებას,
რომ ტკივილის განცდის, უბედურების გარეშე ვერ აღიქვამს ადამიანი ბედნიერებას;
რომ მარტოობის გარეშე ვერ გაიგებს მეგობრის ფასს;
რომ ღალატის, ტყუილის გარეშე სათანადოდ ვერ დააფასებს ერთგულებას;
რომ იმედგაცრუების, შეცდომის სიმწარის, შრომის გარეშე არ მოუტანს მიღწეული წარმატება სიამოვნებას;
რომ შიშის გარეშე არაფრად ჩააგდებს სხვის სიმამაცეს;
რომ თუ ყველაფერი ლამაზი იქნება მის გარშემო, ამას უკვე ჩვეულებრივ ამბად მიიღებს;
რომ თუ ყოველთვის ბედნიერი იქნება, ის არ იქნება სინამდვილეში ბედნიერი;
რომ ადამიანებს შორის ყოველთვის აღმოჩნდება გასაყოფი საგანი, რასაც ვერ გაიყოფენ;
რომ რაც უფრო გიყვარს ახლობელი, უფრო მეტად გძულს ის, ვინც მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს;
რომ განადგურება უფრო ადვილია, ვიდრე შექმნა და რომ ყოველთვის აღმოჩნდება ზარმაცი და უსინდისო, ვინც შეეცდება მარტივი გზით მიიღოს ყველაფერი;
რომ ყველას განსხვავებული აზრი აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი;
რომ ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს;
რომ სინამდვილეში ვერავინ გაგიგებს, მანამ სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდის იგივეს;
რომ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ მიიღონ დაფასება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მას არ გასცემენ;
რომ სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა სიკვდილის გარეშე;
არ ვიცი ასეთი ბუნება კარგია თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა
და ფიზიკურად შეუძლებელია ისეთი გარემოს არსებობა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება..
მორალი: საჭიროა შეცდომებიც, საჭიროა სინანულიც, საჭიროა ტკივილიც, საჭიროა იმედგაცრუებაც
იმიტომ რომ ესენი გვიბიძგებენ უკეთესობისკენ, სტიმულსაც გვაძლევენ რაღაც გაგებით, მთავარი გამოსავლის პოვნაა, გამკლავება : ) იმიტომ რომ ”რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს”…
Eva Cassidy – Over the rainbow
მაწყნარებს, მამშვიდებს და ბედნიერად მაგრძნობინებს თავს. მაშინაც კი, როცა ცუდად ვარ და კარგად გახდომაც არ მინდა
იმდენად მიყვარს, არ მინდა სადმე დამეკარგოს ან დამავიწყდეს.. ამიტომ აქ უნდა მქონდეს
)
To post or not to post…
ხელი ვერ მიბრუნდება იმის დასაწერად, რომ ჩემი შვებულება დასრულდა
მაგრამ არაფერს ხომ ფასი არ აქვს დასასრულის გარეშე. სამაგიეროდ, იმდენი მხიარულებით და სიცილით რამდენიმე წლის სიცოცხლე მომემატა და იმ წლებისთვის გასახსენებლადაც ბევრი ბედნიერი წუთი შევმატე მოგონებების სკივრს.
ბუნებაში გასვლა და სიმშვიდე იმით მაინც მიყვარს, რომ ახალი იდეები წვიმასავით მოდის, განხორციელება თქვი შენ… თანაც ხანდახან საჭიროა ხოლმე გვერდზე გადგომა, ან ზევიდან დახედვა, ან ცივი გონებით განსჯა და პრობლემების მოგვარებაც მარტივია ასე..
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მომენატრა ჩემი დღიური, ინკოგნიტო ბლოგიც და სხვებისაც მშურს უკვე, პირად თემებზე რომ წერენ პოსტებს.. ჰოდა, გადავწყვიტე ამ ისედაც აჯაფსანდალ ბლოგს ახალი ტიპის წერილები შევმატო. თუნდაც იმიტომ, რომ გულის სათქმელის გამზიარებლები სანაპიროზე დავტოვე v_v და ჯერ კიდევ არ აპირებენ ჩამოსვლას.
Sweet stuff…
Yiruma – River Flows in You
Twilight-შიც არის ეს კომპოზიცია, ედვარდი რომ უკრავს. და Final Fantasy-ის საუნდტრეკია კიდევ, თუ არ ვცდები. შეგიძლიათ ნახოთ ამავე კომპოზიტორის Kiss the rain..
Keith Jarrett – The Köln Concert (Part 1) January 24, 1975
კომენტარებს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს
ბუნების გარემოცვაში თუ მოუსმენთ, უკეთესი ეფექტი აქვს..
Update: მეგონა მოვატყუებდი იუთუბს
და ჩემს ჭკუაში ემბედი გავაკეთებინე. შენც არ მომიკვდე. ჰოდა, რადგან იგივე ფრაგმენტი ვერსად ვნახე, აგერ ლინკი თვითონ იუთუბზე.
David Lanz – Nightfall
კიდევ ძალიან ლამაზია მისი Cristofori’s Dream