ვები მათთვის, ვინც უსმენს: წამკითხველის ინსტრუქცია


თუ სურვილი გაქვთ, რომ ხმოვანი წამკითხველი გამოიყენოთ ან სმენით დაატესტიროთ თქვენი საიტი, გთავაზობთ პატარა ინსტრუქციას:

NVDA (NonVisual Desktop Access) არის მსოფლიოში ეკრანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, უფასო მკითხველი ვინდოუს ოპერაციული სისტემისთვის. ის open-source პროექტია და ნებისმიერს შეუძლია მისი გადმოწერა ოფიციალური საიტიდან: www.nvaccess.org
საქართველოში უსინათლოების დიდი ნაწილი სწორედ ამ წამკითხველს ირჩევს კომპიუტერთან ურთიერთობისთვის.

ამჟამად NVDA-ს აქვს 43-ზე მეტი ენის მხარდაჭერა. მასში ჩადგმულია eSpeak ხმოვანი სინთეზატორი, რომელიც ქართული ენასაც მოიცავს, თუმცა ეს ქართული ვარიანტი ძალიან დასახვეწია. მართალია, მასზეც შეჩვეული აქვთ უკვე ყური, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის რთული აღსაქმელია. თუ თქვენ ოფიციალური საიტიდან გადმოწერეთ NVDA, შეიძლება ხელიც ჩაიქნიეთ ამ სინთეზატორის მოსმენისას.

საბედნიეროდ, უკვე არსებობს ქართული ხმოვანი სინთეზატორი, რომელიც გაცილებით კარგი მოსასმენია. მის შესახებ წინა პოსტებში და გამოსვლებში იყო საუბარი.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის საიტიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ პორტატული NVDA პროგრამა, რომელიც მართალია 2014 წლის არის და ბოლო წლების განახლებები არ აქვს, მაგრამ მას პლაგინის სახით მოჰყვება ქართული ხმოვანი სინთეზატორი GEOtts.

ინსტრუქცია:
1. ამოაარქივეთ გადმოწერილი ფაილი
2. გაუშვით nvda.exe
3. ქვევით Taskbar-ზე საათთან გაჩნდება NVDA-ს ლოგო. მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაჭერით გავხსნათ პარამეტრების მენიუ:

4. სინთეზატორებში ავირჩიოთ GEOtts.

5. შესაძლებელია სურვილის მიხედვით დარეგულირდეს საუბრის სიჩქარე, ტონი და სხვა თვისებები. ამისთვის გახსენით მენიუ: პარამეტრები > ხმის პარამეტრები

ამ დროს ის უკვე უნდა ახმოვანებდეს თქვენს მოქმედებებს და გახსნილ ფანჯრებს. თუ ბრაუზერში გახსნით საიტს, ის დაიწყებს საიტის კითხვას. 2014 წლის შესაბამისად, კლავიატურით ინტერაქციის და shortcut-ებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩამონათვალი ამ გვერდზე: Keyboard Shortcuts for NVDA

პროექტი “კალდრა” – უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული ბლოგების სისტემა

kaldra
წარმოგიდგენთ ერთ ექსპერიმენტულ პროექტს: “კალდრა” არის ბლოგების მინიმალისტური პლატფორმა, რომელიც ადაპტირებულია ეკრანის წამკითხველებისთვის. შედეგად უსინათლო მომხმარებელს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია მისი გამოყენება.

kaldra.ge საიტზე შესაძლებელია:
• მომხმარებლის რეგისტრაცია
• საკუთარი საიტის – ბლოგის შექმნა, რომელსაც ექნება მისამართი <შერჩეული სახელი>.kaldra.ge
• სტატიების გამოქვეყნება
• საკუთარ ბლოგსა და სტატიებზე სტუმრების სტატისტიკის ნახვა
• სტატიებზე გამოხმაურება
• სხვა მომხმარებლებთან მიმოწერა
• საყვარელი ბლოგების შეგროვება
• სტატიების ძიება

ეს პროექტი და ზოგადად ქართული ვებ სივრცის ადაპტირების საკითხები წარმოდგენილი იყო 14 მაისს გამართულ კონფერენციაზე, ამიტომ, მოდით, პირდაპირ Youtube-ის სიას შემოგთავაზებთ, სადაც ღონისძიების ტექნიკური პანელის ვიდეოებია ატვირთული.

თუ დაგაინტერესებთ, ვიდეოებში ნახავთ, თუ როგორ იყენებენ უსინათლო მომხმარებლები კომპიუტერს და ინტერნეტს; ასევე მოუსმენთ ქართულ ხმოვან სინთეზატორს; მე კი ვსაუბრობ იმ ტექნიკური პრინციპების შესახებ, რომლის დაცვითაც მარტივად შეიძლება ქართული ვებ სივცრის ადაპტირება.

“კალდრამ” პირველადი ტესტირება უკვე გაიარა, ახლა კი საიტების შემქმენელებს ელის 🙂 თუ იცნობთ ვინმეს, ვინც თავად იყენებს ეკრანის მკითხველს ან უბრალოდ სურს, რომ მისი სტატიები ხელმისაწვდომი იყოს უსინათლო პირებისთვის, გთხოვთ, გაუზიარეთ ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ.

შენიშვნებს და რჩევებს სიამოვნებით მივიღებ და ვეცდები გავაუმჯობესო პლატფორმა.
ამჟამად, ვეცადე რომ არ გამერთულებინა სისტემა და რაც შეიძლება ნაკლები ოპერაციები ყოფილიყო საჭირო ბლოგისა და სტატიების შექმნისთვის.

კალდრასთვის Facebook გვერდი შევქმენი, სადაც ამ საკითხებთან დაკავშირებულ სიახლეებს გამოვაქვეყნებ ხოლმე.