JavaScript animation / game loop (ნაწილი 2)

ამ პოსტის წინა ნაწილში requestAnimationFrame მეთოდზე ვისაუბრე, რომლის საშუალებით ბრაუზერის რენდერინგს შეგვიძლია ჩვენი ქოლბექი მივაბათ და შესაბამისად მაგ დროს განვაახლოთ ანიმაციის ან თამაშის მდგომარეობა.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ მეთოდში ჯობია მხოლოდ გადახატვის ლოგიკა იყოს, ხოლო ანიმაციის ან თამაშის ლოგიკის (მდგომარეობების გამოთვლა, ა.შ.) ადგილი იქ ცალსახად არ არის. ამას ბევრი მიზეზი აქვს: ბრაუზერი გვერდის რენდერის დროს სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს – მაგალითად ტაბი აქტიურია თუ არა, ლეპტოპის აკუმულატორი რა დონეზეა, მონიტორი რა სიხშირით ახლდება, ა.შ. შესაბამისად შეიძლება ჩვენი ქოლბექების გამოძახების რაოდენობა შეამციროს ან გაზარდოს დროის კონკრეტულ პერიოდში.

აქედან გამომდინარე, უმჯობესია რომ ანიმაციის ან თამაშის მდგომარეობები ცალკე გამოითვალოს / დაგენერირდეს და requestAnimationFrame-ის ქოლბექში მხოლოდ მათი რენდერის კოდი ჩაიწეროს.

ცალკე გენერაციაც ბევრნაირად შეიძლება. რადგან ეგ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ანიმაციის წარმადობას, ბევრი ვიფიქრე როგორ გამეკეთებინა და ახლაც არ ვარ დარწუნებული ჩემი კოდის სისწორეში. სხვის მიდგომებს მოვიყვან მაგალითად:

1. შეიძლება setInterval და setTimeout მეთოდებით დაგენერირდეს მდგომარეობები, ხოლო requestAnimationFrame-ის ქოლბექმა აარჩიოს იქიდან შესაბამისი მდგომარეობა და ის დაარენდეროს.

2. პირველი პუნქტის ანალოგიურად მდგომარეობები დროის რაღაც ინტერვალში დაგენერირდეს, თუმცა ეს ლოგიკა ცალკე ნაკადში – მუდმივად გაშვებულ web worker-ში იყოს გატანილი, რომ მთავარი ნაკადი ძალიან არ დაიტვირთოს (ჩემი აზრით ეს უკეთესია). requestAnimationFrame-მა კი worker-დან მიღებული მდგომარეობებიდან შეარჩიოს დროის შესაბამისად და დაარენდეროს გარემო.

3. ეს მეორე პუნქტის მსგავსია, თუმცა setInterval-ის ნაცვლად ინიციატორი requestAnimationFrame-ის ქოლბექი იყოს. მის გამოძახებაში დამატებით იყოს worker-თან შეტყობინების გაგზავნა, რომ ვორკერმა მომდევნო X რაოდენობის მდგომარეობა დააგენერიროს. ასეთ შემთხვევაში, თუ ბრაუზერი არ არენდერებს არაფერს, ჩვენი ნაკადი ტყუილად არ იქნება მუდმივად გაშვებული თავისი მძიმე კალკულაციებით.

ჩემს შემთხვევაში საქმე უფრო ანიმაციასთან მაქვს და არა real-time თამაშთან. მდგომარეობები შემიძლია წინასწარვე გამოვთვალო, ამიტომ ასეთი გზა ავირჩიე: worker-ს ვუშვებ რომელიც მთლიადანვე აგენერირებს ყველა მდგომარეობას და თითოეულ მათგანს უკან აბრუნებს მთავარ ნაკადთან. requestAnimationFrame-ის ქოლბექი ტაიმსტემპს უყურებს და მაგის შესაბამისად გავლილ მდგომარეობებს არენდერებს.

ამდენი მდგომარეობების გენერაცია, აქეთ იქით გზავნა და შენახვა დიდად არ მომწონს, რადგან აზრზე არ ვარ ობიექტების რაოდენობის ზრდასთან ერთად რა მოხდება, თუმცა ჯერ ჯერობით უკეთესი გზა არ ვიცი.

გამოხმაურება

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *