კულინარიული: წითელი ბულგარულის “კეტჩუპი”

გურმანებისთვის ეს რეცეპტი ალბათ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემთვის ფრიად საინტერესო აღმოჩენა იყო.

ყველაფერი კი აქედან დაიწყო:
პომიდორი არის იმ მრავალ უგემრიელესობიდან ერთ-ერთი, რაზეც ალერგია მაქვს. არადა რამდენ რამეშია პომიდორი! საწებლები, სხვადასხვა კეტჩუპები, ბურგერები, უამრავი სალათა, ჩაშუშულები, ათასნაირი სენდვიჩები და პიცები… მართალია ზოგჯერ ვერ ვითმენ, მაგრამ მერე ან სინდისი მქენჯნის, ან ალერგია 😀 not fair, man! not fair 🙁

ჰოდა 29 წლის თავზე პირველად მომივიდა აზრად დამეგუგლა პომიდორთან მიმსგავსებული სოუსები, თურმე ჩაშუშული წითელი ბულგარული საკმაოდ ჰგავს – ტექსტურით, ფერით, ცოტა გემოთიც. ნამდვილ კეტჩუპშიც კი რაღაც წილი ბულგარულს უჭირავს. გიზიარებთ რეცეპტს რაც შევაკოწიწე. ზუსტი მეცნიერების ადამიანს მაგრად არ მიყვარდა ხოლმე ჩანაწერი “შეაზავეთ გემოვნებით”, მაგრამ იდეალური კომბინაცია შეიძლება ჯერ კიდევ არ მაქვს. ასეც გემრიელი ჩანს:

პატარა ქილის პორცია:

4 დიდი წითელი ბულგარული წიწაკა,
საშუალო თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
1 სუფრის კოვზი შაქარი
მწიკვი დარიჩინი და მიხაკი (რამდენიც ფოტოზე დავყარე)

ძმარი და სუნელები აუცილებელია. სხვა დანარჩენიც პრინციპში 🙂

წიწაკა მოვხარშოთ ან შევწვათ რომ კანი მარტივად გაძვრეს და თან კარგად დარბილებული იყოს ბლენდერისთვის. მე მთლიანებს ვხარშავ 30-40 წუთი მაინც, სანამ მარტივად არ აძვრება კანი. კურკებსაც გამოვაცლი და დავჭრი საშუალოდ. ცალკე ჩავშუშოთ დაჭრილი ხახვი და დაჭყლეტილი ნიორი რაიმე სითხეში, რომ ძირს არ დაეკრას. მე წყალს ვასხამ. ბოლოს შევაზავოთ, შევურიოთ და ცოტა ხანს ვხარშოთ. გავაციოთ და ბლენდერით გავთქვიფოთ.


პიცა ჯერ არ მიცდია, მაგრამ ანანასი თუ გიყვართ ჩემსავით, ასეთ ბრუსკეტებს შემოგთავაზებთ:

  • პურის ნაჭრების ძირზე კარაქი
  • ზედა მხრიდან ყველის თხელი ნაჭერი
  • შემდეგ ცოტა მაიონეზი და კეტჩუპი
  • უხვად ორეგანო და ბოლოს ანანასის ნაჭრები

თუ გეგულებათ პომიდვრის ალტერნატიული სოუსები, სიამოვნებით გავსინჯავდი 😀

გამოხმაურება

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *