ახალი წლის რეზოლუცია 2019

ესეც ასე :))
ახალ წელს ყველაზე მეტად ძველი რეზოლუციის შემოწმება და ახლის წერა მიყვარს, იმიტომ რომ გეგმების ადამიანი ვარ. მგონია გეგმა მთავარია და დაგეგმვა პირველი ნაბიჯია საქმემდე.

ვიფიქრე, ამჯერად ბლოგზე შევაჯამებ-თქო ბოლო ორ წელს. უცნაური პერიოდი იყო, სრულად დატვირთული და შემცვლელი:

 

  • სიის თავში იყო ბავშვი 😀 რომელმაც სხვა პუნქტები ცოტა დაჩრდილა.
     
    როგორც ჩანს, დღეს მიქსერთან დაძინების დღეა

     
  • იყო “კალდრა” – პლატფორმა უსინათლო ბლოგერებისთვის, რომელზე მუშაობის დროსაც გავიცანი უნიკალური ადამიანები და სხვა კუთხით დავინახე ბევრი რამ.
     
  • იყო მონაწილეობა ჩემს საყვარელ ფესტივალში – DevFest 2017.
     
  • იყო ჩვენი ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2018 და ახალი საინტერესო ნაცნობები.
     
  • იყო რაღაც პირადი ექსპერიმენტები. მაგალითად, 70 დღე შამპუნის გარეშე 😀 არ მახსოვს ბოლოს როდის მქონდა ასეთი დამჯერი და ფუმფულა თმა, ალბათ ბავშვობაში. შამპუნის რეკლამასავით მბზინვარე მაშინ გახდა, როცა შამპუნს დავანებე თავი. ირონია, თუ გინდათ 🙂 ჯერ კიდევ ვაგრძელებ ამ ექსპერიმენტს.
     
  • იყო დიდი აღმოჩენა ცხოვრების წესის და კვების დარგში 😀 კერძოდ, ექიმი Jason Fung, რომლის შესახებაც წიგნების მიმოხილვაში ვწერდი. ჩემს თავზე გამოვცადე ე.წ. fasting-ის და intermittent fasting-ის (მოკლედ რომ ვთქვათ, უჭმელობის) სასწაულები. მიზნად მქონდა დასახული გრძელვადიანი fast-ის მიღწევა, ამიტომ ნელნელა მივიწევდი წინ და ხშირად ვაკეთებდი 24 ან 48 საათიან უჭმელობის პერიოდებს. პირადი რეკორდი 5 დღეა მხოლოდ წყალზე. ეს პერიოდები იყო ყველაზე ენერგიული და პროდუქტიული მთელ ბოლო წლებში. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. შედეგებს შორის ყველაზე მეტად გამიხარდა ალერგიის უკან დახევა, რომელიც მთელი წელი საშინლად გართულებული მქონდა და ვერაფერი მშველიდა. ასე რომ, გრძელვადიანი ფასტები ნამდვილად შედის ჩემს ახალ რეზოლუციაში ^_^
     
  • იყო ოლიმპიადის ამოცანებთან დაბრუნება და მეცადინეობა, რომელიც გამოცდისთვის დამჭირდა. მეშინოდა, რომ რაც ვიცოდი ისიც დამავიწყდა, მაგრამ თურმე უკვალოდ არ ქრება წლების ვარჯიში. ამჯერად სამეცადინოდ მომეწონა საიტი LeetCode, პირდაპირ შიგნით ვწერდი კოდს IDE-ს გარეშე და მოსახერხებელი იყო.
     

მომავალი წლის რეზოლუცია ასეთი გამოვიდა:

  • მინდა როგორღაც მოვასწრო სამსახური და ბავშვთან ყოფნა. 
  • მინდა აღვიდგინო სიმშვიდე და ნერვები 😀 რასაც ერთი და ორი დღით დასვენება არ შველის. ალბათ იოგას უნდა მივადგე. 
  • აუცილებლად მინდა გრძელვადიანი ფასტების ცდა – ერთი ან ორი კვირა წყალზე. 
  • მინდა მოვასწრო რამე შემოქმედებითი პროექტი, საბავშვო წიგნის ილუსტრირება ან რამე მსგავსი. 
  • მინდა ახალი საყვარელი რეცეპტების პოვნა (თუ მირჩევთ, ვცდი სიხარულით).  

 
დღესასწაულებს ბავშვობიდან არ ვაღიარებ, არადა სულ ტყუილად. ცხადია, არ აქვს მნიშნველობა რა რიცხვია და რამდენჯერ შემოვუარეთ მზეს. გეტყვით ნამდვილ განმარტებას – ეს არის ყველასთვის ცნობილი დათქმული დღე, როცა ადამიანები რუტინაში ჩარგულ თავს აწევენ, ერთმანეთს გემრიელობებს გაუმზადებენ, დადებით ენერგიას ესვრიან, სანაცვლოდაც მიიღებენ და შემდეგ ისევ გააგრძელებენ თავის გზას. გლობალურის მსგავსად პერსონალური დღეობაც კი არსებობს, როცა ყველა ახლობელი ერთი ადამიანისკენ მიმართავს ამ კარგ ენერგიას და დალოცავს. სიტყვა კი ყველაზე დიდი ჯადოა, მოგეხსენებათ. ჰოდა, მე ამ ახალ წელს გისურვებთ გეგმებს და მიზნებს 🙂 რომ წარმატების ქარმა იცოდეს, საიდან მოგიბეროთ.

გამოხმაურება

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *