ჩემი გაზაფხულის საკითხავი 2018

როგორც იცით, მიყვარს წიგნების შეფასებების წერა ბლოგზე 🙂 უმეტესობას მაშინ ვკითხულობ, როცა დასასვენებლად ვარ, ამიტომ ახლაც კვირანახევარი ტყეში მშვენივრად წამადგა. გთავაზობთ მორიგ სიას:

 

 

Advanced Microservices

მშვენიერი პრაქტიკული წიგნი აღმოჩნდა. აღწერილია, თუ როგორია კარგი API ჩვენი სერვისებისთვის; ვერსიები როგორ ვმართოთ; რა ვარიანტები გვაქვს ინფრასტრუქტურის აწყობისას; რომელი ბაზა რისთვის გამოვიყენოთ – Postgre, Redis, MongoDB, Elasticsearch… მონიტორინგი როგორ შეიძლება გავაკეთოთ – Logstash, Kibana, ანალიტიკა – Grafana, Graphite, StatsD, ავტომატური დოკუმენტაცია, Pipeline და CI სერვერები, Service discovery – Consul, Zookeeper.. მოკლედ, ნორმალურ მიმოხილვას აკეთებს თუ რა ტექნოლოგიები არსებობს, რისთვის დაგვჭირდება და რა გავითვალისწინოთ სერვისის შექმა/შენახვის ავტომატიზაციისთვის.

 

Painless Docker

ეს წიგნი დაბეჭდილი და გამოცემული არ არის, ამიტომ ტიპოგრაფიული შეცდომები მრავლად შემხვდა, მაგრამ მაინც საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის. წიგნი დაფუძნებულია რეალურ შემთხვევებზე, პრობლემებზე და გადაჭრებზე (რაც დოკუმენტაციაში დიდად არ ჩანს). სიღრმისეულად არის აღწერილი საინტერესო დეტალები და კონტეინერიზაციის ამბები. ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე, რადგან პრაქტიკული ცდა სჭირდება. ვინც იყენებთ დოკერს, დარწმუნებული ვარ, არაერთ სიახლეს აღმოაჩენთ შიგნით.

 

Microservices AntiPatterns and Pitfalls

ეს პაწია წიგნია. პრობლემებს და ანტიპატერნებს აღწერს, რაც მიკროსერვისებთან გვხვდება. პოპულარიზაციის მიუხედავად, ცხადია, რომ მიკროსერვისებიც არ არის პანაცეა და თავისი ადგილი აქვს უპირატესობებით და ნაკლებით – აბა როგორ დავყოთ ერთი სისტემა დამოუკიდებელ ნაწილებად ისე, რომ არ ჰქონდეთ საერთო კოდი და საერთო ბაზა, მაშინ როცა კოდის გამეორება ცუდია და რეპორტინგისთვის კიდევ ბევრი სხვადასხვა ცხრილიდან გვჭირდება მონაცემები ერთდროულად.

 

Building Microservices: Designing Fine-Grained Systems

ბოლო დროს კომპანია ThoughtWorks-ის ფანი გავხდი. რომელი წიგნებიც ძალიან მომეწონა, მისი თანამშრომლების დაწერილი აღმოჩნდა Martin Fowler-ის თამადობით. ეს Sam Newman-ისაა. უამრავი კარგი რჩევა და კითხვაზე პასუხი; მიკროსერვისები თავისი სირთულეებით და ღირსებებით თავიდან ბოლომდე. არქიტექტორების წიგნია ჩემი აზრით, კონკრეტული ტექნოლოგიების გამოყენების დეტალებში და კონფიგურაციებში არ ჩადის.

 

Building Evolutionary Architectures: Support Constant Change

ეს წიგნი ალბათ გამონაკლისია ზევით ნახსენები ThoughtWorks-ელებისგან, რადგან დიდი რეიტინგის მიუხედავად მაინცდამაინც არ მომეწონა. ჩემთვის ბევრი თეორია და გამეორება იყო, ნახევარი წიგნის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე. ევოლუციურ არქიტექტურაზე ჩემს ფავორიტად ისევ Continuous Delivery წიგნი რჩება.

 

Pro REST API Development with Node.js

ნორმალური წიგნი მომეჩვენა. აღწერილია REST არქიტექტურული სტილი, ჰიპერმედია, HATEOS, Node-ის მუშაობის პრინციპი, რამდენიმე ბიბლიოთეკა სერვისების საწერად – ჩემთვის ახალი არაფერი იყო, მაგრამ დამწყებს შეუძლია გაიღრმავოს ცოდნა. კი მოძველდება ალბათ მალე, 2015-ის წიგნია.

 

The Obesity Code

ეს წიგნი ჩემთვის არის ოქრო 🙂 და საუკუნის აღმოჩენა. ცხოვრებაში რაც კი კვებაზე, ნუტრილოგიაზე, დიეტაზე, ცხოვრების წესზე წამიკითხავს ან ცნობილი დიეტოლოგისგან მომისმენია, ყველაფერი თავდაყირა ამოატრიალა. ეს სფერო ისედაც წინააღმდეგობებით არის სავსე. ერთ წელს რომ რაღაც სასარგებლოა, მეორე წელს თურმე გვკლავს. ან გინახავთ ‘ჯანსაღი’ კვების წესი, რომლის მიყოლა მთელი ცხოვრება ბედნიერად შეიძლება, თვითგვემის და ცოდვების გარეშე?
კანადელ ექიმს, ჯეისონ ფუნგს (Jason Fung) კლასიკური სამედიცინო განათლება და 20 წლიანი გამოცდილება აქვს ნეფროლოგის სპეციალობით. თირკმელის ექიმობა თავსატეხების სიყვარულმა აარჩევინა, რადგან უამრავი მნიშვნელოვანი ქიმიური პროცესი ზუსტად იქ მიმდინარეობს.

ფუნგი წიგნში მარტივი სიტყვებით აღწერს თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში საკვების მიღების დროს. ეყრდნობა მხოლოდ ადამიანებზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს. ასაბუთებს თუ როგორ მავნებლობს კალორიების თვლაზე დაფუძნებული დიეტა და გვასწავლის როგორ მოვუსმინოთ ორგანიზმს და დავიცვათ ბალანსი. წარმატებით ამტკიცებს, რომ სიმსუქნე კალორიული კი არა, ჰორმონალური დისფუნქციაა და “ნაკლები ჭამე, მეტი იმოძრავე” ფილოსოფია – აბსურდი. მან ომი გამოუცხადა მეორე ტიპის დიაბეტს, რომელიც ეპიდემიასავით მოაწყდა და მაგალითად სტატისტიკით ამერიკაში კინაღამ ყოველი მეორე ადამიანი დიაბეტიკი ან პრედიაბეტიკია. ფუნგი თავისი მეთოდებით რამდენიმე თვეში კურნავს პაციენტებს ამ დაავადებისგან და საერთოდ სიმსუქნისგან. ახალი არაფერი მოუგონია, მისი მიდგომა კაცობრიობის დასაწყისიდანვე არსებობს და ყველა დიდ რელიგიაშიც კია ნაწილობრივ შეტანილი. უბრალოდ განვითარების რაღაც ეტაპზე დავკარგეთ ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამ თემაზე იმდენი საუბარი შემიძლია, რომ ჯობია გავჩერდე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რადგან საბედნიეროდ არჩევანი მაქვს, დღეიდან ამ სფეროში მე მხოლოდ ამ ექიმის ლოგიკურ დასაბუთებებს ვენდობი. ძლივს თავის ადგილზე დალაგდა ყველაფერი.

წიგნს რაც შეეხება, ზოგან გამეორებები გვხვდება, მაგრამ თუ დაიწყებთ, მაინც ბოლომდე გასვლას გირჩევდით, რადგან მთავარი მომენტები შუა ნაწილის მერე კიდევ უფრო ბევრია.

 

The Complete Guide to Fasting: Heal Your Body Through Intermittent, Alternate-Day, and Extended

ამ და წინა წიგნს საერთო შინაარსი ბევრი აქვთ, თუმცა ეს უფრო მარტივი ენით დაწერილი მეჩვენება, ნაკლები კვლევებია მოყვანილი და მეტი წარმატებული ისტორიები. ასევე კარგი პრაქტიკული რჩევებია უჭმელობის პერიოდის გასაზრდელად – ყოველდღიური, რამდენიმე დღიანი, ან უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე.

გამოხმაურება

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *