ახალი სიცოცხლის ამბები


რომ მკითხოთ, ყველაზე რთული რა გამიკეთებია ცხოვრებაში, გიპასუხებთ რომ ბავშვი :)) ახლა ექვსი თვის ხდება და ცოტა ხანი კომპიუტერთან გამოვიპარე. ჩემს ბლოგსაც ხომ უნდა შეეტყოს ახალი ამბავი 😀

გადავიარეთ აუარება უცნაური გამოცდილება, გამოწვევა, მტკივნეული არჩევანი; მოვისმინეთ ბევრი მითი, ჭორი და კარგი წამალიც. ყველა დედას და ბავშვს სხვადასხვანაირად აქვს ეს ისტორიები გადატანილი, მით უმეტეს სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში.

ბავშვებისგან ყოველთვის შორს ვიდექი, არადა თურმე საკუთარზე ტკბილი არაფერია ამქვეყნად. მშობლების ამაგი კი უზომოდ დაუფასებელია 😀 და ოჯახის წევრებს თანადგომა აუწერლად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მიყვარდა მამიკო როცა აჭმევდა, უცვლიდა და აცმევდა ხოლმე უნაკლოდ :))

აქ პრობლემებზე ბუზღუნი არ მაქვს გეგმაში, მაგრამ ძალიან მინდოდა იგივე შარში მყოფი გოგოებისთვის მეთქვა რამდენიმე რამ, თუნდაც სუბიექტურად 🙂

  • პირველ რიგში, ნუ დაუჯერებთ ყველას და ყველაფერს. თითქმის არაფერი დაიჯეროთ გადაუმოწმებლად. ექიმებს არ უყვართ ინტერნეტში ამოკითხული და შეიძლება იქაც საშიშია ბევრი რამ, თუმცა ჩემთვის ექიმებსაც არანაკლებ საშიში რაღაცები აქვთ ნათქვამი. კარგებს შრომას არ დავუკარგავ, თუმცა დანარჩენზე – ყველა პრობლემა უცოდინრობის, უყურადღებობის ან არაპროფესიონალიზმის გამო გამიჩნდა.
     
  • ექიმის გარდა წიგნები და ინტერნეტ რესურსებიც ძალიან დაგეხმარებათ, რომ რაც შეიძლება ცოტა რამ დაიზიანოთ (დასაზიანებელი ნამდვილად ბევრია :D). თუნდაც ის რად ღირს, რომ შეგვიძლია ხელის ერთ გაწვდენაზე თანამედროვე მეანობის დედად წოდებულ აინა მეი გასკინის სემინარებსაც კი მოვუსმინოთ შიშის და ტკივილის დაძლევაზე. ერთადერთი ბებიაქალია – და საერთოდ ერთადერთი ქალი – რომლის სახელობის ტექნიკაც არსებობს მეანობაში.
     
  • ძალიან შემაცდინა პოპულარულმა გამონათქვამმა, რომ “ვერ გავძელი და ორი თვიდან სამსახურში გავედი”. ხშირ შემთხვევაში ბავშვთან უფრო ძნელი გასაძლებია, ვიდრე სამსახურის მონატრება. ცხადია, სამუშაოს გააჩნია და ადამიანს, მაგრამ ორსულობის პერიოდშიც კი ეფექტური საქმიანობა ძალიან რთულია, ბოლოში ფაქტიურად შეუძლებელი. განსაკუთრებით მჯდომიარე პროფესიების შემთხვევაში, რადგან ჯდომა არ შეიძლება. მართალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით დეკრეტზე საწუწუნო არ გვაქვს, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია, ჯობია რომ წინასწარ გაითავისუფლოთ მეტი დრო დაბადებიდან კიდევ 6 თვემდე მაინც.
     
  • ნუ დაუჯერებთ სტატიებს, თუ რა კარგია პირველი ბავშვი 35 წლის მერე, და ნურც კაპიტალისტებს. ყველაფერი რთულდება ასაკთან და სირთულეები ისედაც არ დაგვაკლდება. ევროპულ ქვეყნებს თუ მოვიყვანთ არგუმენტად, შევიხედოთ მათ ფორუმებზეც რა დღეში არიან რეალურად – გამონაკლისები კი ყველგანაა 🙂
    ისე, ადრეულ ასაკში რომ გაჩენილიყო, ჩემი კარიერა სავარაუდოდ განახევრდებოდა.

 
 

დედის რძის საოცრებები

ახლა რომ დავიწყო რძის სარგებელზე საუბარი, ათი სტატია არ მეყოფა, მაგრამ რამდენიმეს მაინც ვახსენებ, იმიტომ რომ მართლაც საოცარი რამეა :))

  • მისი შემცვლელი ბუნებაში არ არსებობს, რადგან მუდმივად იცვლება და ბავშვს ერგება. ჭამის დასაწისში სხვანაირია და ბოლოს სხვანაირი, პირველ დღეებში სხვაა, თვეების შემდეგ სხვა და გადაჩვევის დროს სხვა; ბავშვის ავადმყოფობისას სხვა და ჯანმრთელობისას სხვა;
    მაგალითად, ერთი დედის რძე შეამოწმეს, რომელიც ტყუპებს აჭმევდა და სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა შემადგენლობის რძე მოსდიოდა.
     
  • საკვები ღირებულების გარდა, რძეში ძალიან მნიშვნელოვანია ანტისხეულები, რომლებიც დაავადებებს ებრძვიან. მათი რაოდენობა იმატებს კიდეც, როცა ბავშვი გადაჩვევას იწყებს, რომ ბოლო შანსიც გამოიყენოს დედამ მის დასაცავად.
     
  • ხელოვნურთან შედარებით უფრო ადვილი მოსანელებელია, პირველ დღეებში ხსენი რომ მოდის, იმას საერთოდ არ სჭირდება მონელება და პირდაპირ იწოვს ბავშვის ორგანიზმი.
     
  • არ შეგეშინდებათ გაციების, რაც ძალიან გართულებადია ხოლმე რძის გარეშე. თვალის ინფექციას უწამლოდ მოარჩენთ რძით ერთ-ორ დღეში. ექიმის დანიშნულ სიცხის წამალს აწერია ‘სამი თვიდან’, არადა ბავშვის აცრა ხდება ერთ თვეზეც და ორ თვეზეც. რძე უებარი წამალია უამრავი რამისთვის.
     
  • დედისთვისაც ძალიან კარგია – მოსარჩენად, ფორმაში ჩასადგომად, დასასვენებლად. არ მოგიწევთ ღამე სამჯერ ადგომა საჭმლის გასაკეთებლად. არც ბოთლის რამდენჯერმე შეთბობა ცალი ხელით, სანამ ჭამას დაასრულებს. არც ერთი საათი ხელში ჭერა, რომ ბოთლის ჰაერი არ დარჩეს მუცელში. არც ტანჯვა და ექსპერიმენტები, თუ ფორმულა წყენს.
     
  • სულ არაფერთან შედარებით, ცოტა რძეც ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით პირველ თვეებში.
     
  • რძისთვის მუშაობს ორი ჰორმონი: პროლაქტინის გამოყოფისას სისხლიდან გაკეთდება რძე, ხოლო ოქსიტოცინი გამოუშვებს რძეს, რასაც ინგლისურად let-down რეფლექსი ჰქვია. სხვათაშორის ეს რეფლექსი მოქმედებს მაშინაც როცა უბრალოდ ბავშვზე ფიქრობთ, ან უყურებთ ან მისი ტირილის ხმა გესმით – იმიტომ რომ ტვინი აკეთებს ამ ყველაფერს. Let-down-ს ხელს უშლის დაღლილობა, სიბრაზე, შიში, სტრესი, უარყოფითი ემოციები, ტკივილი, ა.შ.
    თუ დედა არ იკვებება ჯანსაღად, რძეში ნუტრიენტების შეტანისთვის ორგანიზმის ‘დახარჯვა’ და გამოფიტვა დაიწყება.
     
  • რძე იმატებს, როცა მოთხოვნა იმატებს (ბავშვი მეტს ჭამს, ან ხშირად ხდება ხელით გამოწველა). ანალოგიურად იკლებს, როცა აღარ არის საჭირო.

ამ თემაზე აუარება მასალა და ნაშრომია, სხვათაშორის ძალიან საინტერესო საკითხავი და ჟრუანტელის მომგვრელი – რომ რა მაგარია ადამიანის ორგანიზმი.

ცუდი ის არის, რომ ძალიან ბუნებრივი პროცესის მიუხედავად, ხშირად საშინელ პრობლემებს უკავშირდება. გაიკითხეთ თქვენს გარშემო და შეიძლება ვერც იპოვოთ ადამიანი, ვისაც მარტივად გამოუვიდა ეს ყველაფერი. შეიხედეთ თბილისის ფორუმზე, როგორი გამწარებული და ნატანჯია ხალხი. აქედან ბევრი რამე არასწორი ინფორმაციის დამსახურებაა და გოგოები იძულებული ხდებიან ხელოვნურზე გადავიდნენ. მათი გაკიცხვა არაფრით არ შეიძლება – ისედაც ეს უარესი გზაა, მათთვისაც საშინლად მტკივნეული, დამღლელი და სინდისის მქენჯნელი.
არადა თურმე სულ თითზე ჩამოსათვლელია პრობლემები, როდესაც დედას არ შეუძლია ბავშვის რძით კვება. სხვა შემთხვევებში თითქმის ყოველთვის არის ამის შესაძლებლობა თუნდაც ნაწილობრივ, გამოცდილი პროფესიონალი და ახლობლების მხარდაჭერა ძალიან ბევრს ცვლის. (unicef-ის მიხედვით საქართველოში მარტო 59% იყო რძეზე 2015-ში)

დაე, იყოს ხელოვნურზე, მაგრამ იყოს ეს ნამდვილი პრობლემის და არა ზარმაცი ექთნების ან ექიმების შეცდომების ბრალი. დღეს ისედაც მოუსწრებელ სამყაროში ვცხოვრობთ გოგოები, არ უნდა დავიჩაგროთ თავი! :))))

რამდენიმე პუნქტი მაინც უნდა დავწერო ამაზე, ვერ ვითმენ:

  • რაიმე სამედიცინო ჩვენების გარდა ნურავის განაჩენს დაიჯერებთ, რომ ბავშვი რძეს არ / აღარ მოწოვს. არ აქვს მნიშვნელობა მკერდის ფორმა-ზომას, რძის რაოდენობას. დაათვალიერეთ იუთუბზე როგორი ათასნაირი ისტორიაა. ზოგი საერთოდ თვეობით ხელით იწველის და ისე აჭმევს ბავშვს, სანამ ცოტა გაიზრდება და კიდევ ცდის. ზოგი საერთოდ გაშრობის პირას მყოფ ლაქტაციას აღადგენს. შეიძლება ჯერ კიდევ არის შანსი, დაჟინებული და სწორი მცდელობა ზოგჯერ შედეგიანია. უცხოეთში ცალკე პროფესიაც კი არის ამ ყველაფერთან გასამკლავებლად – ლაქტაციის კონსულტანტი. ჩვენთან კი ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ ახლობლების გამოცდილების იმედადღა დარჩე.
     
  • ‘სწორი’ იყო საკვანძო სიტყვა წინა პუნქტში. მე მგონი თბილისში სულ რამდენიმე მასაჟისტია (meta: დალი), ვინც სწორად იცის რძის გამოწველა. თანაც მარტივად და ტკივილის გარეშე. თუ სამსახურში გიწევთ გასვლა და გამოწველის პრობლემა გაქვთ, ან ვერ წოვს ბავშვი, აუცილებლად მოიყვანეთ მასაჟისტი მაშინვე. აუცილებლად. ზოგს ტკივილის ეშინია და თავს არიდებს, რადგან ზოგიერთი მათგანი კინაღან მეორე მშობიარობას გადაგატანინებთ, მაგრამ არ გაუჩერდეთ ეგეთ ადამიანს. არაფრით არ შეიძლება, რომ ეს მტკივნეული პროცესი იყოს.
     
  • ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებშიც კი წერია, რომ სამშობიაროში არ უნდა იყოს საწოვარა და მატყუარა. თუ თავიდანვე არ მოდის რძე, ათასი საშუალებაა რომ საწოვარას გარეშე დაალევინონ ბავშვს საკვები. მაგრამ სად სცალიათ აბა ექთნებს მაგისთვის. ბოთლის წოვა ძალიან განსხვავდება დედის კვებისგან და მერე რომც გადავიდეს ბავშვი ბუნებრივზე, ძალიან რთულია ან შეუძლებელი გადაჩვევა, ამიტო ბოთლის მერე ხშირ შემთხვევაში კვება არის მტკივნეული, იწვევს ნახეთქებს და ა.შ. რაც სათქმელად მარტივია, მაგრამ ფიზიკურად აუტანელი. ექიმების გაიდლაინებს რატო ვკითხულობდი ეგ კიდე ცალკე თემაა.
     
  • სამშობიაროში წესით უნდა გასწავლონ კვების სწორი ტექნიკები. ან შეგიძლიათ წინასწარ ნახოთ ამ უკრაინულ არხზე. ძალიან კარგად ხსნიან ბევრ რამეს: Нина Зайченко – всё о грудном вскармливании.
    როცა ბავშვი სწორად არ არის მოჭიდებული (ან ბოთლივით ცდილობს წოვას), ვერ იღებს რძეს ბოლომდე, იღლება, შედეგად უფრო მშიერია და რძეც მცირდება.
     
  • და ბოლოს ყველაზე მთავარი: რაც უფრო ინერვიულებთ, დაისტრესებით, არ დაისვენებთ, ენერგიას არ მოაგროვებთ, არ დაიძინებთ, უფრო შემცირდება რძე და ვერაფერი წამალი მაგას ვერ უშველის.

სხვათაშორის, ადრე, სადღაც აფრიკაში, აკრძალული იყო მოყოლა, თუ როგორ ჩნდება ბავშვი. ზოგს ეგონა პირიდან ამოვიდოდა და თითები ელანდებოდა ყელში. მხოლოდ ბოლო წუთს იგებდნენ ყველაფერს, როცა კარავში შევიდოდნენ. ეგ ალბათ ერთადერთი გამართლებული დეზინფორმაციაა 😀 რომ შიში აეცილებინათ. ყველა სხვა შემთხვევაში ძალიან გვჭირდება ბევრი და კარგი ინფორმაცია. მიკვირს, რომ ქალების ჟურნალები ყვითელი ჰოროსკოპებით არის სავსე როცა თურმე ამდენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სირთულეა გადასალახი. ვითხოვთ საინტერესო და საჭირო ჟურნალებს :)))

ცოტა დამგრუზველი პოსტი გამომივიდა, მაგრამ ამ ყველაფრით სულაც არ გაშინებთ (ვინც ბოლომდე ჩამომყევით :))) ), საერთო ჯამში ძალიან მაგარია ცხადია 🙂

გამოხმაურება

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *