ჩემი გაზაფხულის საკითხავი 2019

ამჯერად მხოლოდ გაზაფხული არ მეყო, მაგრამ ბოლო თვეებში რამდენიმე საინტერესო წიგნი მომიგროვდა და ერთი სული მაქვს როდის გაგიზიარებთ.

 

Mindstorms: Children, Computers, and Powerful Ideas

შეიძლება იფიქროთ, რომ 1980 წელს გამოცემული წიგნი უკვე მოძველებული იქნება, მაგრამ დამიჯერეთ, სეიმორ პაპერტის იდეები დღემდე აქტუალურია და კიდევ მრავალი წელი იქნება. ჩემი აზრით, მისი აზრები ყველასთვის უნდა იყოს ცნობილი, ვინც განათლების სფეროში მუშაობს ან ბავშვების სწავლებაზე ფიქრობს.

წიგნში ის ყვება, თუ როგორ ქმნიან ბავშვები თავიან ინტელექტუალურ სტრუქტურებს გონებაში და როგორ აფართოებენ ცოდნას. ასეთი ექსპერიმენტი ავიღოთ – ბავშვს მივცეთ რამდენიმე ფერის მძივების ყუთები და ფერების ყველა კომბინაციის აწყობა დავავალოთ. მათი უმეტესობა ამ ამოცანას სწორად ვერ შეასრულებს მეხუთე-მეექვსე კლასამდე. ამ დროისთვის მათ განვითარებული აქვთ რაოდენობის ინტუიტიური გრძნობა და, მაგალითად, შეუძლიათ დაადგინონ ნამცხვრის სამი დიდი ნაჭერი უფრო მეტია, თუ ოთხი პატარა ნაჭერი, მაგრამ იმის გამო რომ გარშემო არ აქვთ სისტემატიური პროცედურების მოდელები, ზევით მოყვანილ ამოცანას აბსტრაქტულად უდგებიან და არ იციან კონკრეტულად როგორ იფიქრონ. იმ ბავშვისთვის, რომელიც პროგრამირების სამყაროში იზრდება, ეს ჩვეულებრივი ამოცანაა ორი ჩადგმული ციკლით, ისეთივე არააბსტრაქტული, როგორც დანა-ჩანგლის დაწყვილება მაგიდის გაშლისას.

პაპერტი თავის მოსაზრებებს ხშირად ჟან პიაჟეს (Jean Piaget) თეორიებზე აფუძნებს. პიაჟე კი ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგია, რომელმაც გენეტიკური ეპისტემოლოგია შექმნა (დარგი შეისწავლის ცოდნის წარმოშობას, ბუნებას, მეთოდოლოგიას ა.შ). შემეცნების დროს ბავშვი არა მხოლოდ ცოდნას აგროვებს, არამედ თვითონ შემეცნების პროცესიც იცვლება. სწავლობს როგორ ისწავლოს. (მაგალითად, ჩემი აზრით, ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, ადამიანმა ისწავლოს როგორ ისწავლოს, თორემ იქ დაზეპირებული რაღაცები არავის ახსოვს). ბავშვი მხოლოდ მაშინ იგებს რაიმეს, თუ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს, შეუძლია მას დააშენოს და გარდაქმნას სტრუქტურა. არ აქვს აზრი ისეთი დავალების მიცემას, რომლის შესაბამისი სტრუქტურაც ჯერ არ არის მის გონებაში, მაინც ვერ შეასრულებს. ხშირად, ეს არის მიზეზი რის გამოც მათემატიკა სძულდებათ ადამიანებს. პაპერტი იხსენებს, რომ ბავშვობაში ძალიან უყვარდა კბილანები და განსაკუთრებით დიფერენციალური მექანიზმების აგება. მათთან თამაშმა უფრო მეტი გავლენა იქონია მის მათემატიკურ განვითარებასთან, ვიდრე სკოლაში ნასწავლმა მასალამ.

დიფერენციალური მექანიზმზის ხსენებაზე 🙂 ძალიან მინდა დავლინკო ერთი ვიდეო – საუკეთესო ახსნა, თუ როგორ დადის მანქანის ერთ ღერძზე მიმაგრებული ორი ბორბალი სხვადასხვა სიჩქარით How Differential Gear works

პაპერტს წიგნში მათემატიკა მოჰყავს მაგალითად, რადგან თავად მათემატიკოსი იყო, მაგრამ სინამდვილეში სწავლების მეთოდები ნებისმიერ სფეროს მიესადაგება.
აქ ვხვდები, რომ არ შემიძლია ამ წიგნის მოკლედ გადმოცემა :)) ამიტომ გავჩერებდი და წაკითხვის სიამოვნებას არ გაგიფუჭებთ. (სიმართლე ვთქვა, მგონი მთლად მსუბუქი და სახალისო წერის სტილი არ იყო და თუ ვერ დაუდებთ გულს მაგის გამო, შეგიძლიათ რომელიმე შემაჯამებელ სტატიას გადახედოთ).

რამდენიმე ფაქტი:

  • პაპერტის ლეგოსთან თანამშრომლობით შეიქმნა Lego Mindstorms პროდუქტი – ლეგოთი შესაძლებელია აიწყოს და დაპროგრამდეს რობოტები.
     
  • პაპერტი ერთ-ერთი შემქმნელია Logo პროგრამირების ენის, რომელსაც ის იყენებდა მოსწავლეებთან და რადიკალურად ცვლიდა მათ დამოკიდებულებას ტექნიკური საგნებისადმი. Logo-დან მიღებული შთაგონებით მოგვიანებით შეიქმნა გარემოები – Scratch და Karel. არსებობს Karel-ის ქართული ანალოგიც, რობოტი სავლე 🙂
     
  • 78 ასაკში პაპერტი ავარიაში მოყვა და ტვინზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა. კოლეგები მისივე შექმნილ მეთოდებს იყენებდნენ, რომ გონებრივი შესაძლებლობების ნაწილი აღედგინათ.

რამდენიმე random ციტატა წიგნიდან:

  • The new knowledge is a source of power and is experienced as such from the moment it begins to form in the child’s mind.
     
  • Some of the most crucial steps in mental growth are based not simply on acquiring new skills, but on acquiring new administrative ways to use what one already knows.
     
  • In most contemporary educational situations where children come into contact with computers the computer is used to put children through their paces, to provide exercises of an appropriate level of difficulty, to provide feedback, and to dispense information. The computer programming the child. In the LOGO environment the relationship is reversed: The child, even at preschool ages, is in control: The child programs the computer. And in teaching the computer how to think, children embark on an exploration about how they themselves think. The experience can be heady: Thinking about thinking turns the child into an epistemologist, an experience not even shared by most adults.

 

How to Create a Mind: The Secret of Human Thought Revealed

წინასწარ მინდა აღვნიშნო, რომ მაინცდამაინც არ მიზიდავს წიგნები სინგულარობის თემაზე, ფანტასტიკა ხელოვნურ ინტელექტზე, ადამიანის გონების შერწყმა კომპიუტერთან, ა.შ. შეიძლება ამიტომაც ვარიდებ თავს კურზვეილის ცნობილ წიგნს The Singularity Is Near.

საბედნიეროდ, მეგობარმა მირჩია “როგორ შევქმნათ გონება”. დიდი სიამოვნებით წავიკითხე. კურზვეილი არა მხოლოდ ხელოვნურ, არამედ ჩვენი ტვინის მუშაობას აღწერს – როგორ ინახავს ადამიანი ინფორმაციას, როგორ იხსენებს, როგორ სწავლობს, როგორ ამოიცნობს რაიმეს, როგორ ატყუებს ზოგჯერ თვალს. რატომ არის სიზმრები ისეთი, როგორიც არის. ეს წიგნი ძალიან საინტერესოა და ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მუშაობის ინტერესი გამიჩინა გულის აცრუების მიუხედავად.

თვითონ რეი კურზვეილი უნიკალური ადამიანია, რომლის შემოქმედებასაც ყველა ვიმკით.
ის მთავარი გამომგონებელი იყო CCD flatbed სკანერის; პირველი omnifont ტექსტის ამომცნობის (ნებისმიერ სტანდარტულ ფონტს რომ კითხულობს); უსინათლოებისთვის პირველი წამკითხველის; პირველი text-to-speech სინთეზატორის; პირველი მუსიკალური სინთეზატორის, რომელსაც პიანინოს და ორკესტრის სხვა ინსტრუმენტების სინთეზი შეეძლო; ასევე პირველი კომერციული “საუბრის ამომცნობის”..

 

The Salt Fix: Why the Experts Got It All Wrong–and How Eating More Might Save Your Life

ეს ადამიანი ხუთ წელზე მეტი იკვლევდა მარილთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს და ისეთი შედეგი დადო, რომ თან გაგიკვირდებათ, თან გაბრაზდებით. ჯეიმსი ასაბუთებს, რომ კვლევები, რომლის შედეგადაც მარილი ბოროტებად გამოცხადდა, ბევრი ხარვეზით იყო ჩატარებული და დღეს ხალხს უბრალოდ უკვე ჩაბეჭდილი აქვს მარილის ცუდი სახელი. ამბობს, რომ პირიქით, მარილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის და კატეგორიულად არ შეიძლება მისი რაციონიდან ამოღება. შემცირებას გაცილებით დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე ჭარბად მიღებას. და რომ ჯანმრთელ თირკმელს არაფერი პრობლემა არ აქვს ზედმეტ მარილთან.

მარილში შემავალ ნივთიერებებს ვერც ადამიანის და ვერც ცხოველის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ აუცილებელია მისი გარედან მიღება და ნაკლებობა ჯანმრთელობის ათასი პრობლემის თავია, მათ შორის, გაგიკვირდებათ და, უშვილობის. იანომამოს ტომში ძალიან ცოტა მარილს იღებენ და ქალები მხოლოდ 4-5 წელიწადში ერთხელ ორსულდებიან. იგივე პრობლემა აქვთ მათ, ვინც თირკმელის პრობლემის გამო მარილს კარგავს. ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე არ ვიცი, მაგრამ წიგნში ბევრი ძალიან საინტერესო ისტორიაა. ავტორი ცდილობს ევოლუციის კუთხითაც ახსნას რა დატვირთვა აქვს თირკმელს, როგორ ამოვედით მარილიანი ოკეანიდან და რამდენად მნიშნველოვანია წყლის ბალანსი (რასაც მარილი უზრუნველყოფს).

კიდევ ერთი მაგალითი სპორტსმენებს ეხებოდა. ვარჯიშისას ოფლთან ერთად თურმე ბევრი მარილი იკარგება, ამიტომ მარილის მიღება თავბრუსხვევებს შეგიმცირებთ და მეტ გამძლეობასაც მოგცემთ.

ჩემთვის განსაკუთრებით ერთი გვერდი იყო მნიშვნელოვანი და გულწრფელად მაინტერესებს რას ფიქრობენ ამ თემაზე აქაური ექიმები. რა არგუმენტით ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან. საქმე ორსულობას და პრეეკლამსიას ეხება და ძალიან მინდა, ცოტა დავწერო ამ თემაზე. პრეეკლამპსიის და ეკლამპსიის დროს მაღალი წნევის გამო ნაყოფს სისხლი არ მიეწოდება. გართულების შემთხვევაში შეიძლება ორივე ადამიანის სიცოცხლე დაიკარგოს. კონდიციის მიზეზს ვერავინ ადგენს და ერთადერთი გამოსავალი მისი დაკვირვება ან ორსულობის ადრეული შეწყვეტაა. პრეეკლამპსიის მსუბუქი ფორმები არც ისე იშვიათია როგორც გვენდომებოდა. შეშუპება, რომელსაც ზოგიერთი ექიმი ჩვეულებრივ მოვლენად თვლის, მისი ერთერთი პირვანდელი სიმპტომია და აუცილებელია წნევის დღეში 5-ჯერ გაზომვა, რომ პროგრესირება ამოწმოს დედამ.

იცით რას ურჩევენ ჩვენთან ექიმები ასეთ პაციენტებს? ხშირ მონიტორინგს და მარილის შემცირებას ან სრულიად ამოღებას. ზოგადად ორსულებს ურჩევენ ნაკლებ მარილს.
წიგნის ავტორს კი მოჰყავს კვლევები და ასაბუთებს, რომ განსაკუთრებით ორსულებში არაფრით შეიძლება მარილის შეზღუდვა. მისი ნაკლებობა პირიქით, ზრდის წნევას, ხოლო მეტი მარილი იცავს ან საერთოდ კურნავს პრეეკლამპსიისგან. ოსრულობის დროს თვითონ ორგანიზმიც კი ითხოვს მარილს და მისი აღქმა ეცვლება. იქნებ სწორედ აქედან მოდის კიტრის მწნილის სიყვარული?

 

Emotional Intelligence: Why It Can Matter More Than IQ

თუ ვინმეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი წიგნისთვის რჩება დრო, ეს უნდა იყოს ის წიგნი (ან მსგავსი რომელიმე). რაც არ უნდა გვინდოდეს, რომ რაციონალური არსებები ვიყოთ, წიგნში ვხედავთ რამხელა გავლენა აქვს ჩვენზე ემოციებს. გარემო პირობებიდან გამომდინარე, პირვანდელ ადამიანს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა სწრაფი რეაქცია და ევოლუციურად ჩვენს ტვინს დღემდე მოჰყვება მექანიზმი, ემოციამ მართოს სხეული. მარტივი მაგალითისთვის, გაბრაზების დროს გული ჩქარდება და სისხლი ხელებს მიეწოდება, რომ შეიარაღება ან დარტყმა მოასწროს. შიშის დროს სისხლი დიდ კუნთებში მიდის, რომ მან გაქცევა მოასწროს, ამიტომ ფითრდება სახე. დამწუხრება კი ადამიანს მეტაბოლიზმს უნელებს, ენერგიას და ენთუზიაზმს უხშობს, რომ გაითავისოს დიდი დანაკარგი და შემდეგ, ენერგიის დაბრუნებისას, ახალი ცხოვრება დაგეგმოს.

იცით? ზოგ შემთხვევაში ინფორმაცია ფიზიკურად ვერ მიდის ტვინის იმ ნაწილამდე, რომელიც ფიქრობს. რეაქციის პასუხის დასაჩქარებლად ის ნაწილი პასუხობს, რომელიც ემოციურ მოგონებებს ინახავს. ეს უკანასკნელი კი ჩვენში ადრეული ასაკიდან იბეჭდება. შეიძლება რაიმე მოვლენაზე თქვენი რეაქცია სიტყვიერად ვერც ახსნათ და მხოლოდ იმიტომ, რომ როცა ეს ემოციური მოგონება შეიქმნა, ჯერ კიდევ არ იცოდით ლაპარაკი.

სიბრაზის და შიშის მართვა, საკუთარი თავის მოტივაცია, დამთრგუნავი ჩაციკლული ფიქრების მოცილება, ემპათია – ეს ის უნარებია, რომელიც დღევანდელი ადამიანის ბედს წყვეტს. არსებობს ძალიან მაღალი IQ-ს მქონე სტუდენტი, რომელიც 10-15 წელი ვერ აბამს თავს სასწავლებლის დამთავრებას. არსებობენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავისი ნიჭის წარმატებით გამოყენებას. გოლემანის აზრით საქმე ემოციურ ინტელექტშია და წიგნში გვიყვება თუ როგორ უნდა გავავითაროთ ის, როგორც ჩვენში, ისე ბავშვებში.
როცა შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა არის ადამიანის (ან ჩვენი) კონკრეტული საქციელის ნამდვილი მიზეზი, ეს ძალიან გვეხმარება სიტუაციის მართვაშიც და სხვის თანაგრძნობაშიც. გამოგვადგება, როცა სხვის განსჯას დავაპირებთ.

 

Superfuel: Ketogenic Keys to Unlock the Secrets of Good Fats, Bad Fats, and Great Health

ეს წიგნი ისევ კვებაზეა.. სიმართლე გითხრათ შევეშვი ამ თემას, რადგან ამდენი ურთიერთგამომრიცხავი თეორიებია გარშემო, მაგრამ Jason Fung-მა და Salt Fix-ის გრძელგვარიანმა ავტორმა ჩემი ნდობა დაიმსახურეს და მათი ყველა წიგნი მინდა ვნახო. ჯეიმსიც ბალანსზე საუბრობს. პირველ რიგში ჭამის და უჭმელობის (fasting), ხოლო შემდეგ omega-6 და omega-3 ცხიმოვანი მჟავების ბალანსზე. ის ქიმიის დონეზე აჩვენებს, როგორ ამუშავებს ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა ტიპის ცხიმს. ასაბუთებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ორი მჟავის ფარდობა და რომ დღევანდელი დაავადებების საშინელი სტატისტიკა დიდწილად მაგ ფარდობის დარღვევითაა გამოწვეული. ევოლუციის მანძილზე კაცობრიობის საკვებში მათი შეფარდება 1:1 იყო. დღეს კი 20:1, ან მეტი. დარღვევა მაშინ დაიწყო, როცა ცხოველური ცხიმებიდან ინდუსტრიულად დამუშავებულ მცენარეულ ცხიმზე გადავედით და თან ბუნებრივი გარემო შევუცვალეთ ცხოველებს. omega-3 ყველა უჯრედს სჭირდება ფუნქციონირების, მეტაბოლიზმის და გენის გამოხატვისთვის. ამიტომაც იწვევს ფარდობის დარღვევა კიბოს, ქრონიკულ ანთებას, სისხლძარღვების და ავტოიმუნურ დაავადებებს…

რამდენიმე მიახლოებით რიცხვს მოვიყვან.

პროდუქტი ომეგა 6 : ომეგა 3 შეფარდება
ბალახზე გაზრდილი ძროხის ხორცი 2 : 1
მარცვლეულზე გაზრდილი ძროხის ხორცი 8 : 1
ველური ორაგული 1 : 12
მზესუმზირის გული 312 : 1
ისპანახი 1 : 5
კომბოსტოს მწნილი 1 : 1
სხვადასხვა კომბოსტოები 1 : 2
მზესუმზირის ზეთი 71 : 1
კარაქი 9 : 1
ზეითუნის ზეთი 13 : 1
პალმის ზეთი 46 : 1

ზოგი აქაც წერია: Ratio of fatty acids in different foods

ყველამ იცის, რომ omega-3 ძალიან მნიშნველოვანია, მაგრამ ყოველ დღე რომც დალიოთ ვიტამინის სახით, ის მაინც ვერ გადაწონის უზარმაზარი დოზით მიღებულ omega-6-ს და ეს უკანასკნელი მუდმივად შეუკეთებს ცეცხლს ქრონიკულ ანთებას.

 

The Manager’s Path: A Guide for Tech Leaders Navigating Growth and Change

კამილა ფორნერმა ტექ მენეჯერის ყველა ეტაპი გაიარა გუნდის ლიდერიდან დაწყებული, CTO და CEO პოზიციებით დასრულებული. ეს ადამიანი თავის საქმეზე უზომოდ არის შეყვარებული. რამდენიმე წლის წინ თავისი გამოცდილება წიგნად გამოსცა და ძალიან კარგი შეფასება მიიღო. ჩემთვის შეიძლება ახალი ბევრი არაფერი იყო წიგნში, რადგან ამ თემაზე არც ისე ცოტა მაქვს მოსმენილი და საკუთარ თავზე გადავლილიც, მაგრამ, ჩემი აზრით, რაც აქ წერია, ნამდვილად სჭირდება ტექ მენეჯერს. თანაც პროგრამისტების ლიდერი მაინც ცოტა განსხვავდება სტანდარტული მენეჯერებისგან და კამილას დავეთანხმები, რომ ის პროგრამირების საფუძვლიანი უნარებით უნდა გადადიოდეს მენეჯმენტში.

 

The Phoenix Project: A Novel About IT, DevOps, and Helping Your Business Win

ჩემთვის ეს პირველი ნოველა იყო IT, DevOps-ის და პროგრამისტების ცხოვრებაზე 🙂 (არსებობს სხვა?) ორი დღე ვერ გავაგდე ხელიდან. თან ყოველ წუთს მახსენდებოდა ერთ-ერთი ძველი სამსახური და ის ორი დღე ფაქტიურად წარსულში ვიცხოვრე. წიგნი ძალიან კარგად ასახავს თუ როგორი სამუშაოა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მენეჯმენტი. ეს ერთი დიდი თავგადასავალია, სადაც განადგურების ზღვარზე მისული კომპანია ჭკვიანური გადაწყვეტილებების შედეგად ფეხზე წამოდგება. ძალიან მოგეწონებათ, განსაკუთრებით თუ ტექნოლოგიურ სფეროში ტრიალებთ.

 

Kubernetes: Up & Running

დიდი იმედი მაქვს, რომ როდესმე ნამდვილი პროექტებით მომიწევს კუბერნეტთან მუშაობა. ძალიან მომწონს ამ პროდუქტში ჩადებული იდეები (და მათი განხორციელებაც). წიგნი საკმაოდ კარგად იკითხებოდა. პრინციპში, თუ პროგრამისტი ან სისადმინი ხართ, ჩემი აზრით ისიამოვნებთ Burr Sutter-ის პრეზენტაციით 9 Steps to Awesome with Kubernetes და არ აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე წერთ ან როგორ ნერგავთ პროექტს. ვიდეოში კუბერნეტის შესაძლებლობები ჩანს და რედ ჰეთის Developer Experience განყოფილების დირექტორი ნამდვილად არ მოგაწყენთ.

 

სხვა სტატიები წიგნების მიმოხილვაზე

გამოხმაურება

comments

One thought on “ჩემი გაზაფხულის საკითხავი 2019

  • 11 ივნისი, 2019 at 17:23
    Permalink

    ბევრმა თემამ და წიგნმა დამაინტერესა 🧡👌

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *