ამ საკითხზე სემინარი მქონდა მოსამზადებელი და ბარემ პოსტსაც მივუძღვნი 🙂
რა არის ეს RAID (Redundant Array of Independent Disks) და რისთვის გამოიყენება? : )
როგორ შევინახოთ ინფორმაცია სისტემის აგების დროს დამოკიდებულია თვითონ ამოცანაზე. რა გვჭირდება: დიდი რაოდენობით ჩაწერა, წაკითხვა, სისწრაფე, საიმედოობა?
მაგალითად, არსებობს ამოცანები, სადაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის საიმედოდ შენახვას და მასზე წვდომის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მომენტში. ანუ, დისკის დაზიანების დროს უნდა არსებობდეს მისი შემცვლელი იგივე ინფორმაციით და თანაც რაც შეიძლება სწრაფად.
არის ამოცანები, სადაც წარმადობა უფრო პრიორიტეტულია. მაგალითად, როდესაც სერვერიდან დიდი რაოდენობით ვიდეო ნაკადები მოდის.
თავდაპირველად RAID-ის ძირითადი იდეა იყო, რომ რამდენიმე მყარი დისკი გაეერთიანებინა დისკების მასივში და ამით გაეუმჯობესებინა წარმადობა, რომელიც ერთ დიდი ზომის დისკს ჰქონდა.
ახლა RAID-ის არქიტექტურული დიზაინებიდან ყველაზე გავრცელებულია 5 ვარიანტი: RAID 0, RAID 1, RAID 5, RAID 6, RAID 10.
ისინი ძირითადად ორ მიზანს ემსახურებიან: მონაცემთა შენახვის საიმედოობის გაზრდას, შეტანა/გამოტანის (დისკზე ჩაწერა/წაკითხვის) წარმადობის გაზრდას.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
RAID 0
ჩაწერის დროს მონაცემები იყოფა ფრაგმენტებად და ეს ფრაგმენტები სათითაოდ ნაწილდება მასივში შემავალ დისკებზე. წაკითხვის დროს კი ყველა დისკიდან ერთდროულად ხდება წაკითხვა.
რაც უფრო მეტი დისკია, უფრო მეტად იზრდება სისწრაფე. უხეშად რომ შევადარო, ეს იგივეა, წყლის არხიდან ერთის მაგივრად რამდენიმე მილი გამოვიყვანოთ. იგივე რაოდენობის წყალს უფრო მალე მივიღებთ.
არ ვკარგავთ ადგილს. მთლიანად ვიყენებთ დისკების მოცულობას ჩვენი ინფორმაციისთვის.
ასეთი სტრუქტურის სისუსტე დისკის დაზიანების დროს ჩანს. საკმარისია ერთ-ერთი მათგანის ამოვარდნა, რომ მთელი მასივი გადასაგდებია. წარმოიდგინეთ, წიგნში ყოველ სიტყვას მისი მესამედი რომ ჩამოვაჭრათ. წიგნი გამოუსადეგარი გახდება. თანაც მისი აღდგენა შეუძლებელია.