რატომ (არ) შესტკივათ ადამიანებს გული ერთმანეთზე

პოსტი პროგრამირებას არ ეხება და ახალიც არაფერი წერია შიგნით : )

გარშემო ახლა ცუდი რაღაცები ხდება. უფრო სწორად, სულ ხდება, უბრალოდ ახლა ჩვენთან ახლოს ხდება. მაგ მნიშვნელოვან თემებზე სხვები დაწერენ, ჩემი ადგილი იქ არ არის, მაგრამ მე მაგის გვერდით მოვლენაზე მინდა დავწვრილმანდე. პარიზის ტრაგედიას ყველაფერთან ერთად ერთი ტალღა მოჰყვა ხალხში, სადაც ერთმანეთს გულგრილობაში ან შერჩევით სამართლიანობაში ადანაშაულებდნენ. არ მივაქცევდი ალბათ ყურადღებას, ჩემი თავიც რომ არ შემენიშნა ‘გულგრილობაში’. პარიზი იქნება, ბეირუთი, ავღანეთი თუ აფრიკაში შიმშილით დახოცილი ბავშვები, ფაქტია, რომ არ მიგვაქვს გულთან საკმარისად. ანუ საკმარისად იმისთვის, რომ რამე შევცვალოთ. რაღა შორს წავიდე, მე თვითონ დისნეის მულტფილმებზე ცხარე ცრემლით ვიტირებ, მაგრამ ბევრი რეალური ამბავი საერთოდ არ ამაღელვებს.

ჰოდა რატომ არის ეს სიახლეები უბრალოდ სიახლეები, ან რატო არ იწვევს არანაირ თანაგრძნობას ჩვენი ისტორიის წიგნი, წინაპრების ომები, სისხლისღვრა და თავგანწირვა, რატომ არის ტიტანიკის ჩაძირვა მშრალი ფაქტი, როცა იგივე სახელის გამოგონილი ფილმი ზოგს ცრემლს მოადენს, თანაც სულ ორი ადამიანის გამო. რამდენად შორს უნდა იყოს შემთხვევა დროს ან მანძილში რომ მნიშვნელობა დაეკარგოს ჩვენთვის? მე, ცხადია, კომპეტენტური არ ვარ მაგ საკითხში, ამიტომ დავუჯერებ ნეირო მეცნიერებს.

მთავარი სიტყვა აქ არის ემპათია, იგივე თანაგრძნობა. ეს თვისება ადამიანებს ხო ევოლუციურად მოგვდევს და გვჭირდება გადარჩენისთვის (ისევე როგორც მაგის მართვა გვჭირდება კრიტიკული სიტუაციების გასამკლავებლად). თანაგრძნობისთვის კი აუცილებლია ერთი რამ – კავშირი. ერთმა ადამიანმა მეორესთან უნდა გააიგივოს თავი, კავშირი უნდა იპოვოს და იგრძნოს რასაც სხვა გრძნობს. ერთ-ერთი გზა არის დაფიქრებით, აღქმით და წარმოდგენით. ან კიდევ შეიძლება ემოციების წაკითხვით. თუ იქნება ეს კავშირი, ის იგრძნობს, რადგან ჩვენში არის შესაბამისი მექანიზმი – შეგვიძლია სხვისი ემოციების, ტკივილის ან სიხარულის ამოცნობა, არის შემთხვევები, როცა ფიზიკურადაც კი განვიცდით იგივეს (სარკული ნეირონების დამსახურებაა ეს თუ სხვა რამის, არ ვიცი, მაგრამ ხო ფაქტია რომ შეგვიძლია). თუ ვინმეს არ შეუძლია, ეს გადახრაა ან დაზიანება, და შესაბამისად ჩნდებიან სოციოპატები ან ფსიქოპატები. ამ ნაკლის გამო ისინი ვერ არჩევენ ემოციებს იმ გზით როგორც ჩვენ და არ აქვთ თანაგრძნობის უნარი – შეუძლიათ მოატყუონ, მოკლან, აწამონ და ვერ მიანიჭებენ ამას მნიშვნელობას.

გადავუხვიე ახლა. იმას ვამბობდი, რომ კავშირი არის აუცილებელი კომპონენტი. როდესაც ახლოს ხარ ტრაგედიის ადგილთან, ან ესაუბრები ადამიანს, ან ფოტოს უყურებ, ან წერილს კითხულობ მისი საყვარელი ადამიანისადმი მიწერილს, მაშინ შენც განიცდი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ახლა მედიას აქვს მაგის ძალაუფლება, რომ ვისთანაც სურს, მასთან დაგვაკავშიროს, გულზე მჯიღი დაგვარტყმევინოს ან აგვამხედროს კიდეც ვინმეს წინააღმდეგ შესაბამისად. მწერალსაც აქვს. ფოტოგრაფსაც აქვს. რეჟისორსაც. პრინციპში დღეს სოციალური ქსელის საშუალებით თითოეულ ჩვენგანს აქვს რაღაც ოდენობით (ყველაზე ნაკლებად კი მე მგონი ამ სიტყვებს აქვს “ოდესმე შენამდეც მოვლენ და მარტო იქნები”, იმიტომ რომ არანაირ ემოციებს არ უკავშირდება).

რატომ იყო პარიზი და არა ბეირუთი? შერჩევითი სამართალი არაფერ შუაშია ჩემი აზრით, უბრალოდ ჩვენი თავები ევროპასთან უფრო გავაიგივეთ. წარმოვიდგინეთ, ერთ ჩვეულებრივ დღეს, კაფეში ან კონცერტზე ჩვენს ახლობელს რომ შეემთხვეს იგივე. მაინცდამაინც კარგად ვერ ვაკავშირებთ თავს ბეირუთთან ან სირიასთან ან თუნდაც აფრიკასთან, სადაც მუდმივად იბრძვიან ადამიანები სიცოცხლისთვის. მე მგონი ასევე დიდად ვერ ვაკავშირებთ უამრავ ქართველთან, რომლებიც ძალიან რთულ გზას გადიან ამ ქვეყანაზე. ვერ ვაკავშირებთ მთის სოფლებთან, სადაც არანაირი პირობები არ არის ცხოვრების. ვერ ვაკავშირებთ ვერც ვაკის სოფლებთან, სადაც მიწას შეჭიდებული ხელები ბერდებიან და მომავალი უკეთესი არ ხდება; ვერც ქართველ ბავშვებთან, რომლებიც ოჯახის სითბოს გარეშე იზრდებიან; ვერც იმ ბავშვებთან, ვინამდეც წიგნი და ინტერნეტი არ მისულა; ვერც მაგალითად უსინათლო ადამიანებთან, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებენ ჩვენთან; ზოგჯერ ვინმე ღვთისნიერი მოიტანს ჩვენამდე მათ ემოციებს და ჩვენც ვპოულობთ კავშირს. სხვა მხრივ კი ვართ ასე გულგრილები : )

რას ვიზამთ.. არ ვიცი. შეუძლებელია ადამიანმა დაიტიოს ყველას სევდა და მაინც პროდუქტიული დარჩეს. ამიტომ ვცვლით რაც შეგვიძლია. რაც არა, იმის ტვირთად ტარება არ გამოდის..

გამოხმაურება

comments

3 thoughts on “რატომ (არ) შესტკივათ ადამიანებს გული ერთმანეთზე

  • 15 დეკემბერი, 2016 at 02:08
    Permalink

    სასიამოვნოა ასეთი რამეს წაკითხვა. მადლობა

    ჩემი აზრით ადამიანი ფილტრავს იმ ემოციებსაც, ამით გარკვეული სახით შეიძლება აზიანებს საკუთარ თავს და გარემოს, თუმცა ამავე დროს შეიძლება იცავდეს უფრო დიდ, უფრო მნიშვნელოვან რაგაცას (საკუთარ პიროვნებას), რაც საშუალებას აძლევს უსაფთხოდ და გემრიელად გაატაროს ცხოვრება, რაც კარგი განწყობის და კარგი ემოციების მომტანია.

    ემოციების გაფილტვრაში ვგულისხმობ თანაგრძნობის შესაძლებლობები რომლებსაც იგნორს ვუკეთებთ. მაგალითად, მოხუცი რომელიც კუჩაში ფულს ითხოვს და ჩვენ შეგვიძლია ჩავუაროთ და, საკუთარ აზრებში გართულებმა, ყურადღებაც კი არ მივაქციოთ.

    Reply
  • 23 დეკემბერი, 2016 at 17:56
    Permalink

    მადლობა გამოხმაურებისთვის 🙂

    გაფილტვრაზე მეც იგივე აზრზე ვარ, თუმცა მგონია რომ ეგ ფილტრი გამოცდილებას მოაქვს და ყველას სხვადასხვა გვაქვს. მაგალითად, ქირურგების და ექიმების ალბათ ძალიან განსხვავებულია.

    პატარა ბავშვი, ეკრანზე რომ უბედურ მსახიობს ხედავს, იმასაც ეხუტება და აწყნარებს. როცა იზრდება, ერთხელ მოტყუვდება, ორჯერ და ხედავს რომ ფულის მთხოვნელის უმეტესობა მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და მანიპულირებს, მასაც უჩნდება ახალი ფილტრი.
    სხვა საკითხია, რომ იქ ზოგი მოხუცი დაუმსახურებლად მოხვდება, მაგრამ ყველაფერს აქვს ორი მხარე..

    Reply
  • 28 იანვარი, 2017 at 14:03
    Permalink

    და კიდე ისიც მიტრიალებს თავში, რომ სოფელში ყველა ყველას იცნობს და იციან ერთმანეთის შესახებ, მეტნაკლებად. და შესაბამისად უფრო მარტივად შეუძლიათ ემპათიური კავშირები, უფრო მეტი გამჭვირვალობაა.
    ქალაქში, დიდი მოსახლეობა, აქ შეუძლებელია ყველას მიმართ ემპათიურობა, შესაბამისად ვამყარებთ ჩვენი პიროვნების კედლებს და ამით ვიცილებთ თავიდან რომ დღის ბოლოს შეჭმულები დავრჩეთ.

    კაკრაზ გუშინ ვამბობდი ამას ბიჰეივიორისტული მიდგომების მოყოლის დროს გაკვეთილზე. ემოციები არის დასწავლადი, და გადაჩვევადი. ემპათია და ანტიპათიაც დასწავლადია. ასე რომ ყველაფერი აღმზრდელის ხელშია I think

    Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლადო კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *