ვები მათთვის, ვინც უსმენს: წამკითხველის ინსტრუქცია


თუ სურვილი გაქვთ, რომ ხმოვანი წამკითხველი გამოიყენოთ ან სმენით დაატესტიროთ თქვენი საიტი, გთავაზობთ პატარა ინსტრუქციას:

NVDA (NonVisual Desktop Access) არის მსოფლიოში ეკრანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, უფასო მკითხველი ვინდოუს ოპერაციული სისტემისთვის. ის open-source პროექტია და ნებისმიერს შეუძლია მისი გადმოწერა ოფიციალური საიტიდან: www.nvaccess.org
საქართველოში უსინათლოების დიდი ნაწილი სწორედ ამ წამკითხველს ირჩევს კომპიუტერთან ურთიერთობისთვის.

ამჟამად NVDA-ს აქვს 43-ზე მეტი ენის მხარდაჭერა. მასში ჩადგმულია eSpeak ხმოვანი სინთეზატორი, რომელიც ქართული ენასაც მოიცავს, თუმცა ეს ქართული ვარიანტი ძალიან დასახვეწია. მართალია, მასზეც შეჩვეული აქვთ უკვე ყური, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის რთული აღსაქმელია. თუ თქვენ ოფიციალური საიტიდან გადმოწერეთ NVDA, შეიძლება ხელიც ჩაიქნიეთ ამ სინთეზატორის მოსმენისას.

საბედნიეროდ, უკვე არსებობს ქართული ხმოვანი სინთეზატორი, რომელიც გაცილებით კარგი მოსასმენია. მის შესახებ წინა პოსტებში და გამოსვლებში იყო საუბარი.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის საიტიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ პორტატული NVDA პროგრამა, რომელიც მართალია 2014 წლის არის და ბოლო წლების განახლებები არ აქვს, მაგრამ მას პლაგინის სახით მოჰყვება ქართული ხმოვანი სინთეზატორი GEOtts.

ინსტრუქცია:
1. ამოაარქივეთ გადმოწერილი ფაილი
2. გაუშვით nvda.exe
3. ქვევით Taskbar-ზე საათთან გაჩნდება NVDA-ს ლოგო. მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაჭერით გავხსნათ პარამეტრების მენიუ:

4. სინთეზატორებში ავირჩიოთ GEOtts.

5. შესაძლებელია სურვილის მიხედვით დარეგულირდეს საუბრის სიჩქარე, ტონი და სხვა თვისებები. ამისთვის გახსენით მენიუ: პარამეტრები > ხმის პარამეტრები

ამ დროს ის უკვე უნდა ახმოვანებდეს თქვენს მოქმედებებს და გახსნილ ფანჯრებს. თუ ბრაუზერში გახსნით საიტს, ის დაიწყებს საიტის კითხვას. 2014 წლის შესაბამისად, კლავიატურით ინტერაქციის და shortcut-ებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩამონათვალი ამ გვერდზე: Keyboard Shortcuts for NVDA

გამოხმაურება

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *