dev/test/prod გარემოების კონფიგურაცია + Node.js


პროგრამულ პროექტზე მუშაობისას, როგორც წესი, რამდენიმე გარემო გვაქვს. ერთი დეველოპმენტის, ერთი რეალური, შეიძლება კიდევ ერთი სატესტოც იყოს. თითოეულ მათგანში პროექტის კონფიგურაცია განსხვავებულია – მაგალითად, მონაცემთა ბაზის ან სერვისების მისამართები, API გასაღებები, პაროლები, სხვადასხვა ოფციები..

ჩვენი მიზანია, რომ სხვადასხვა გარემოსთვის სხვადასხვა კონფიგურაცია არსებობდეს, თანაც ისე, რომ ამისთვის გარემოს ყოველი შეცვლისას კოდის გადაკეთება, ip-ების ჩასწორება და რაღაცების დაკომენტარება არ დაგვჭირდეს. კოდს არ უნდა შევეხოთ. მოკლედ, მთავარი წესი ეს არის, რომ კოდი და კონფიგურაცია მკაცრად იყოს გაყოფილი ერთმანეთისგან.

ინტერნეტში კონფიგურაციის მართვის სხვადასხვა გზას შეხვდებით. პირველ რიგში, გააჩნია როგორი ინფრასტრუქტურა გაქვთ. ზოგიერთ პლატფორმას ან ფრეიმვორკს თავისი სპეციფიური მიდგომა აქვს რეალიზებული. ასევე, თუ პროექტი დიდ, განაწილებულ სისტემაშია დანერგილი, შეიძლება რაიმე მზა პროდუქტის გამოყენება იყოს მიზანშეწონილი, რომელიც მთელ ინფრასტრუქტურას აკონფიგურირებს ავტომატიზაციით (meta: Terraform, Puppet, Chef) . ამ პოსტში ვისაუბრებ შემთხვევაზე, როცა ერთ ან რამდენიმე (ცოტა) სერვერზე ვნერგავთ ჩვენს პროექტს.

 

კონფიგურაციის ბილდში ჩაყოლება

შეიძლება შეგხვდეთ ასეთი ვარიანტი, რომ პროექტის გამზადების დროს შესაბამის ბილდერ ხელსაწყოს ეთითება არგუმენტი, თუ რომელი გარემოსთვის დაბილდოს პროექტი. მერე ეს ბილდერი ნახულობს შესაბამის კონფიგურაციას და შესაბამის ფაილს სვამს ბილდში.

კარგ ვარიანტს ჰგავს, რადგან საბოლოოდ მხოლოდ ერთი გამზადებული არქივი გვაქვს და პირდაპირ გავუშვებთ ჩვენს სერვერსა და მის კლონებზე, მაგრამ რაღაც მინუსები აქვს ასეთ გზას:

  • ვინც კი დაბილდავს, მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს რეალური გარემოს კონფიგურაცია
  • თუ კონფიგურაცია შეიცვალა, ან სხვა გარემოზე გვინდა ბილდის გაშვება, თავიდან გახდება გასაკეთებელი ან ხელით უნდა ჩავასწოროთ შიგნით კონფიგურაცია, თუ შესაძლებელია (გააჩნია როგორ მოხდა დაბილდვა).
  • კიდევ ხომ არ გაქვთ იდეა?

თუმცა ზოგ შემთხვევაში მე მგონი მეტი გზა არ არის, მაგალითად, კლიენტის მხარეს თუ არის პროგრამა – მობილურის აპლიკაციას როცა ვბილდავთ სხვადასხვა გარემოსთვის და მაინც ერთ ტელეფონზე ვუშვებთ ყველას, ან ჯავასკრიპტის პროექტი თუა, ბრაუზერში გასაშვები. ისე, ასეთ დროს პაროლები არც ინახება ხოლმე კონფიგურაციის ფაილში.

 

Environment ცვლადები

ეს გზა სულ უფრო პოპულარული ხდება და თანამედროვე ფრეიმვორკებში ხშირად შეხვდებით .env ფაილებს. ანუ, კონფიგურაცია გატანილია ოპერაციული სისტემის (ან კონტეინერის) environment ცვლადებში და განსხვავდება სხვადასხვა სერვერზე, აპლიკაციის ბილდი კი ყველგან ერთი და იგივეა.

ამ გზას თუ აირჩევთ, უნდა დარწმუნდეთ რომ აღნიშნული ცვლადები დაცულად არის შენახული სერვერზე OS-ის სხვა იუზერებისგან და რამე პროცესი არ ლოგავს სადმე. ასევე, რომ სხვა პროგრამა არ აწერს თავზე ან არ იყენებს (რადგან namespace-ები არ არის). როგორც ვიცი, ამის უზრუნველყოფა არ არის რთული, თუ სპეციალურად გამოყოფთ იუზერს თქვენი აპლიკაციისთვის. ან თუ რაიმე კონტეინერს იყენებთ (მაგ: Docker), იქაც იზოლირებულია env ცვლადები.

 

Env ცვლადები Node.js პროექტში

დეველოპმენტის პროცესი რომ მარტივი იყოს ამ მხრივ და სამუშაო მანქანებზე არ გვჭირდებოდეს env ცვლადების ხელით შევსება, არსებობს პატარა მოდული – dotenv, რომელიც პროექტში არსებულ .env ფაილს უყურებს და გარემოს ცვლადებს აინიციალიზირებს შესაბამისად.
.env ფაილი არ უნდა ინახებოდეს version control სისტემაში (.gitignore-ში არის ჩასამატებელი მაგალითად, თუ გიტს ვიყენებთ).

თუ რომელიმე ცვლადი უკვე არსებობს ოპერაციულში, მაშინ მას თავზე არ გადაეწერება .env ფაილის მონაცემები. როგორც წესი, dotenv მხოლოდ დეველოპმენტის გარემოსთვის არის და –save-dev პარამეტრით აყენებენ, თუმცა თუ რეალურ გარემოში ჩვეულებრივ სერვერზე ვდებთ პროექტს და რამე სპეციფიური გზით არ ხდება env ცვლადების კონფიგურირება (Docker, Heroku), პრინციპში, იქაც შეიძლება ამის გამოყენება. თუ არა და შესაბამისად დავსეტავთ ამ ცვლადებს და პროექტს .env ფაილის გარეშე დავნერგავთ.

რჩევა: env ცვლადებში ჯობია boolean ტიპის პარამეტრები არ შევინახოთ, რომ შემოწმებისას არარსებული პარამეტრი false-ად არ აღიქვას. ჯავასკრიპტს მაინც მუხთალი კონვერტაციები აქვს ტიპებს შორის 🙂

 
ამ პოსტში ყველაფერს ვერ შევეხე, იმედია აზრი გადმოვეცი 🙂 თქვენ როგორი მეთოდით აგვარებთ ხოლმე გარემოს კონფიგურირების თემას?

გამოხმაურება

comments

One thought on “dev/test/prod გარემოების კონფიგურაცია + Node.js

  • 22 ნოემბერი, 2017 at 15:49
    Permalink

    dotenv მხოლოდ დეველოპმენტ გარემოსთვის არ არის და შესაბამისად –save-ით უნდა დაყენდეს და არა –save-dev-ით…

    Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: levani კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *