ქართული ვები მათთვის, ვინც უსმენს

10 წელზე მეტია, რაც ქართული ვებ სივრცე არსებობს და ყოველ დღე ვქმნით მას, ის კი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს ქმნის. სამწუხაროდ, საქართველოში არის ათეულობით ათასი ადამიანი, ვისთვისაც მისი სიკეთეები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.

თუ გსურთ შეიტყოთ:
– როგორ იყენებენ უსინათლო ადამიანები კომპიუტერს, ინტერნეტს, ელექტრონულ ფოსტას, სოციალურ ქსელს…
– რა ტექნოლოგიები და პრობლემები არსებობს საქართველოში ამ კუთხით
– რა მინიმალური რესურსით შეგვიძლია გავხადოთ ქართული ვებ სივრცე ხელმისაწვდომი

ან გაგვიზიაროთ მოსაზრებები, მაშინ შემოგვიერთდით 14 მაისს, 14:30 საათზე.
ა/ო ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტთან (IDIT) ერთად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ვატარებთ კონფერენციას – “შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში”.

გეგმა ასეთია:

202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლის პედაგოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი – კახა ცხოვრებაშვილი გაგვაცნობს ეკრანის წამკითხველებს და ოპტიმიზაციის პერსპექტივებს.

გიორგი გვასალია, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი – წარადგენს ხმოვან ვებგვერდს, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის სტანდარტებს და მიმოიხილავს ქართულ ონლაინსივრცეს.

ბექა ცხოვრებაშვილი, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პროგრამისტი, მოგვიყვება მეტყველების სინთეზის შესახებ: რა არის ხმოვანი სინთეზატორი და როგორ შეგვიძლია მისი შექმნა. ბექა თავად არის უსინათლო, თუმცა აქტიურად იყენებს ინტერნეტს და წერს პროგრამებს სხვადასხვა პროგრამირების ენაზე. მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეკრანის მკითხველის გაქართულებასა და ქართული ხმოვანი სინთეზატორის შექმნაში.

ალექსანდრე ხუციშვილი, კომპანია Circle-ის უფროსი დეველოპერი, ისაუბრებს ოპერაციული სისტემის ერთ-ერთ აუდიო ინტერფეისზე, რითიც მეტი შესაძლებლობები ეძლევათ უსინათლო დეველოპერებს.

მე კი შემოგთავაზებთ პატარა ექსპერიმენტულ პროექტს – ბლოგების ადაპტირებულ სისტემას, სადაც მომხმარებელს შეუძლია შექმნას საკუთარი ბლოგი, წეროს სტატიები, გამოეხმაუროს სხვა ბლოგებს ან გამოიყენოს შეტყობინებების სისტემა. ასევე ვისაუბრებ, თუ რა შესაძლებლობა არსებობს ვებ სისტემების ადაპტირებისთვის, როგორ მუშაობს ეკრანის წამკითხველი ფარდის უკან, რა მნიშვნელობა აქვს საიტის სემანტიკურ სტრუქტურას და რა სირთულე შეიძლება შეგვხვდეს გზად.

თუ თქვენი საიტი შექმნილია ზოგადი სტანდარტების დაცვით, ძალიან მარტივად, ზოგჯერ ერთ დღეშიც, შეიძლება მისი მინიმალური ოპტიმიზირება, რომ დიდი ნაწილი ხელმისაწვდომი გახდეს უსინათლო მომხმარებლისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის, კონფერენციის ორგანიზატორების და ჩატარების დეტალების შესახებ, ასევე რეგისტრაციისთვის, იხილეთ ღონისძიების გვერდი: https://www.facebook.com/events/1938015203106845

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *