ჩემი ზაფხულის საკითხავი 2015

me
ეს ორი კვირა დასასვენებელი და გასანიავებელი შვებულება მქონდა : ) როცა ინტერნეტს ვშორდები, საკითხავადაც დრო მრჩება და ეგ ჩემი საყვარელი ნაწილია ხოლმე ცურვის და თამაშის მერე. წიგნების პატარა მიმოხილვებს გაბნეულად, ხან სად ვწერ და ხან სად. გადავწყვიტე ამ შვებულების წიგნები ამ პოსტში გავაზიარო, იქნებ ვინმეს მოეწონოს რომელიმე…


Surely You’re Joking, Mr. Feynman!

ცნობილი ფიზიკოსი და ნობელის პრიზიორი, რიჩარდ ფეინმანი, ძალიან სახალისო და სათავგადასავლო ისტორიებს ყვება. ბავშვობის გამოგონებები, ატომურ ბომბზე მუშაობა, სეიფების გატეხვა, ბოროტი ხუმრობები, ნაშრომები ბიოლოგიაში, ბრაზილიის კარნავალზე მუსიკოსების კონკურსში მონაწილეობა, საკუთარი ნახატების გაყიდვა, ლექტორობა, კვლევები და ‘აჰა!’ მომენტები. როგორ მოასწრო ამდენი რამე არ ვიცი :)) ფიზიკითაც კი დამაინტერესა.

Elon Musk: Tesla, SpaceX, and the Quest for a Fantastic Future

ოცნება ხო მოიუწვდომელი და არარეალისტურია. ჰოდა მეც ბოლო დროს ერთი ეგეთი დამჩემდა, რომ ელექტრომობილების ქარხანა მქონოდა საქართველოში. ამ წიგნმა ცოტა შეფერთხა, რადგან დამანახა როგორი არაადამიანური მუშაობა და ფინანსები სჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ჯერ ჯერობით მაინც დავიტოვებ. იქნებ როდისმე სურვილამდე დაწინაურდეს და მართლა დავიწყო მაგ სფეროში მუშაობა.

თვითონ წიგნი ძალიან დიდ მოტივაციას იძლევა ზოგადად. ბევრი ისტორიაა მოყვანილი SpaceX, Tesla-სა და SolarCity კომპანიების შექმნის და განვითარების შესახებ – ჩავარდნები, გამართლებები და სირთულეების გადალახვის ამბები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია SpaceX-ის რაკეტის აწყობა და გაშვება დიდი ტექნოლოგიური თუ მენეჯმენტური ნახტომებით. ელექტრომობილი ხომ საერთოდ…
სათავგადასავლო წიგნს არაფრით ჩამოუვარდება. პროგრამისტებს და ელექტრონიკებს განსაკუთრებით მოეწონებათ ჩემი აზრით, მენეჯერებსაც.

Zero to One: Notes on Startups, or How to Build the Future

ეს Paypal-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, Peter Thiel-ის წიგნია. ამიტომაც და თან კარგი რევიუების გამო ავირჩიე, მაგრამ შუამდეც ვერ მივედი ისე მივატოვე. ცოტა გამიცრუა მოლოდინი, შეიძლება უბრალოდ სტარტაპებზე ჩემთვის აღარაფერი იყო ახალი და იმიტომ. კიდევ რაღაცები არ მომეწონა დასათანხმებლად (მაგალითად – როცა ამბობს რომ კონკურენცია პირიქით ყველაფერს აფუჭებს). ამ თემატიკაზე ჩემს ფავორიტად ჯერჯერობით მაინც წიგნი Rework რჩება.

fahrenheit 451 Fahrenheit 451 (სპოილერებით)

ბრედბერი და კონკრეტულად ეს წიგნიც დიდი ხანია რიგში მყავდა. ახლა ვნახე, მაგრამ სიმართლე ვთქვა ცოტა ამანაც გამიცრუა იმედი. სულ დანაკლისის გრძნობა მქონდა და სამყაროს მეტი აღწერა მჭირდებოდა. ვერ დავინახე რამ ჩაანაცვლა წიგნები და რა პრობლემები ჰქონდათ იქაურებს. ასე მარტივად ხო ვერ გადავიდოდნენ სულ ვერბალურ კომუნიკაციაზე და ინფორმაციის შენახვაზე. 1984 გაცილებით რეალური იყო ჩემთვის, ვიდრე ეს.
ისე, რაც დრო გადის, სულ უფრო ვშორდები მხატვრულ ლიტერატურას და ცოტა გული მწყდება. არ ვიცი რა მომდის, პერსონაჟებზე ვბრაზდები ხოლმე :)) ან შეიძლება რეალური ისტორიები ისეთი საინტერესოა, non-fiction-ებიდან ვეღარ გადმოვდივარ.

why-zebras-dont-get-ulcers-big Why Zebras Don’t Get Ulcers

მე, როგორც მედიცინისგან შორს მყოფ ადამიანს, ძალიან მიყვარს ისეთი სამედიცინო წიგნები, სადაც ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის გასაგებ ენაზე წერია რთული თემები. ეს წიგნი ერთ-ერთი დიდი ფავორიტია მაგ მხრივ. არა მხოლოდ გასაგებ, არამედ იუმორის ენით წერს საპოლსკი და ამასთან ძალიან ბევრ საჭირო რამეს აღწერს ორგანიზმის და ტვინის მუშაობის შესახებ.

creativity incCreativity, Inc.: Overcoming the Unseen Forces That Stand in the Way of True Inspiration

პიქსარი და დისნეი – ჩემთვის ორი უნიკალური, ზე კომპანიაა, სადაც ზე შემოქმედი ადამიანები ზე ფილმებს ქმნიან.
ედ კატმული პიქსარის თანადამფუძნებელი და ამჟამად პიქსარისა და დისნეის პრეზიდენტია. მან, როგორც პროგრამისტმა, დიდი წვლილი შეიტანა კომპიუტერული გრაფიკის ჩამოყალიბება-განვითარებაში და ფილმების ინდუსტრიაში შეიტანა ეს სფერო ფაქტიურად. (მაგალითად, მას მიაწერენ Z-buffer ტექნოლოგიის გამოგონებას, რომელიც დღეს ყველა კომპიუტერსა და მობილურშია.) კატმული წერს თუ რა ხდებოდა ფარდის უკან პიქსარის მულტფილმებზე მუშაობის დროს, რა სირთულეები ჰქონდათ, როგორ დაიწყო ყველაფერი და ზოგადად როგორი კულტურაა კომპანიაში, რომლის ყოველი ფილმიც შედევრია და წინაზე უკეთესი.
წიგნის ნახევარი ზედმეტია ჩემი აზრით, მაგრამ კარგი მარგალიტებია აქა-იქ გაბნეული.

ios8 fundamentals iOS 8 Programming Fundamentals with Swift

წინა პოსტებში ვახსენე რომ ბოლო პერიოდი iOS-ზე და მაგათ ახალ პროგრამირების ენაზე ვმუშაობდი. Apple-ს გამოქვეყნებული აქვს წიგნი The Swift Programming Language რომელშიც ენა საფუძვლიანად არის აღწერილი, თუმცა მაგის წაკითხვის მერე ძალიან მაკლდა best practices ნაწილი და მაინც ბევრს ვწვალობდი კოდის ნორმალურ სახემდე მისაყვანად. ზოგადად ასე დროის დაკარგვა არ მიყვარს და იმიტომ ვიწყებ ხოლმე ენის სწავლას წიგნებით. აი Matt Neuburg წიგნები სულ სხვა თემაა. ის რეალური მაგალითებით და საკუთარი გამოცდილებით ავსებს მათ. ამიტომ გაცილებით შემიმსუბუქა ბევრი რამ. ამ ენას ვინც იწყებს, მეც მის წიგნებს გირჩევდით.

programming_ios_8_deep_dive Programming iOS 8: Dive Deep into Views, View Controllers, and Frameworks

ესეც Matt Neuburg-ის წიგნია (შედარებით advanced საკითხებით) და სიღმისეულად წერია საფუძვლები. აქაც არის მაგალითები მისი საკუთარი პროგრამებიდან და ასევე ძააალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტა. ჯერ ვერ დავასრულე, ათასი გვერდია, მაგრამ უკვე ვნანობ აქამდე რომ უმაგისოდ დავკარგე დრო.

გამოხმაურება

comments

5 thoughts on “ჩემი ზაფხულის საკითხავი 2015

  • 05 აგვისტო, 2015 at 23:18
    Permalink

    ეს ყველაფერი 2 კვირაში წაიკითხე? :O

    Reply
    • 05 აგვისტო, 2015 at 23:37
      Permalink

      ზებრას წიგნი დაწყებული მქონდა მანამდე : )

      Reply
  • 05 აგვისტო, 2015 at 23:45
    Permalink

    ყოჩაღ შენ. დისნეი/პიქსარზე მაინც ჯობს დოკუმენტური ფილმები, შეუძლებელია მარტო სიტყვებით გადმოსცე ვიზუალური ხელოვნების ეგეთი ეპიკური ისტორიები.
    წიგნები ძალიან კარგია, მე თითქმის არ ვკითხულობ 🙁

    Reply
    • 06 აგვისტო, 2015 at 00:12
      Permalink

      უი ფილმები რა კარგი იქნება. უნდა ვნახო აუცილებლად : )

      Reply
  • 14 აგვისტო, 2015 at 18:01
    Permalink

    dzaan mixaria rom wignebs kitxulobs axalgazrdebi da arian amit dakavebulebi Samurai Girl imedia face gaqavt dagimatebdit da dzaan bevr rames shevidzledi tqventan saubrit

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *