The Timeless Way of Building

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წიგნი იყო ჩემთვის და მინდა მასზე დავწერო 🙂 ძალიან უცნაური მიზეზით გადავაწყდი – პროგრამირების პატერნების თითქმის ყველა წიგნში იყო ციტატა აქედან, არადა Timeless way of building საერთოდ არ ეხება პროგრამირებას, არქიტექტურაზეა (და მარადიულობაზე).
ცნობილი არქიტექტორი, კრისტოფერ ალექსანდერი, აღწერს იდეოლოგიას, თუ როგორ უნდა აშენდეს შენობები, ბაღები, გზები, ქალაქები რომ ნაგებობებმა საუკუნეებს გაუძლოს არსით. საუბრობს არა მხოლოდ შენობებზე, არამედ ცხოვრებაზე.

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, სათანადოდ არ ვაფასებდი და პატივს არ ვცემდი ამ სფეროს. ალბათ იმიტომ რომ არქიტექტორებმა გამაბრაზეს. დიახაც, გამაბრაზეს. არ მომწონდა რომ არ ფიქრობდნენ ჩვენზე; რომ ნორმად გახადეს დაბალჭერიანი, ერთნაირი ბინები პატარა ოთახებით და ცოტა ფანჯრებით, პატარა სამზარეულოთი და კიდევ უფრო პატარა აბაზანით, მეზობლების ნაბიჯების ხმით, უბაღეობით და უხეებობით. ოფისები საავადმყოფოებს ან, უარეს შემთხვევაში, ციხეებს დაამსგავსეს, მიწას და სიმწვანეს მოაცილეს.

შეიძლება არ მომწონდეს არქიტექტურა, მაგრამ მეც კი ვხვდები გარემოს რამხელა გავლენა აქვს ჩვენს განწყობაზე, პროდუქტიულობაზე, ენერგიულობაზე – საბოლოო ჯამში ფაქტიურად ჩვენს საქმიანობაზე და მთელს ცხოვრებაზეც. აი ასეთი რთული მისია აკისრიათ არქიტექტორებს. რეალურად მათ უამრავი სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ.

კრისტოფერის წიგნში ბევრ გემრიელობას შეხვდებით ამ თემაზე. ის წერს თუ რა განასხვავებს კარგ და ცუდ ნაგებობას, კარგ და ცუდ ქალაქს, საუბრობს “თვისებაზე”, რომელსაც “სახელი არ აქვს” – რომელიც განსაზღვრავს იქნება თუ არა გარემო ერთიანი, ჯანმრთელი, ცოცხალი, თვით განვითარებადი – სადაც სიცოცხლე იქნება, სადაც ადამიანებს განვითარების და შემოქმედების სურვილი ექნებათ.

მე მოკლედ და კარგად ვერ გადმოვცემ მის იდეოლოგიას, ამიტომ საერთოდ არ შევეხები. მაგის გარდა იქ იყო უამრავი პატარა პრაქტიკული მომენტიც და რამდენიმე განსაკუთრებით ჩამრჩა:
მაგალითად, ადამიანები ისეთი ოთახებისკენ მიისწრაფიან, რომელთაც ორ მხარეს აქვს ბუნებრივი განათება. ასე სინათლე რამდენიმე მიმართულებით შემოდის და გაცილებით კომფორტულად აღიქმება.
ან, თუ ოთახები სამხრეთისკენ იხედებიან, სახლი განათებული, მზიანი და კარგი ენერგიით სავსეა. მის წინ ეზოში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, ჩრდილოეთის მხარეს ბაღში კი იშვიათად გახვალთ.
ან კიდევ ძალიან უცნაურად და ცუდად მოგეჩვენებათ ბინის შესასვლელი კარი რომელიც პირდაპირ ქუჩაზეა და შესვლამდე არ ხდება სივრცის ცვლილება, ან სიმაღლით, ან განათებით, ან მანძილით…

რაც მთავარია, კრისტოფერის პატერნებში ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს და რაღაც მიზანს ემსახურება. ისე იზრდება და ვითარდება ნაგებობები, როგორც ბუნება ქმნის თავის გარემოს. ერთგან ატმის ხეს იხსენებს, რომელიც აგურის კედელზე იყო აზრდილი სამხრეთის მხრიდან. მზე აგურებს ათბობდა, აგურები კი ატმებისთვის ინახავდნენ სითბოს..

მის მაგალითებში ნაგებობები ბუნებასთან ჰარმონიაში არიან, ამასთან დეტალები პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარეობენ. ზუსტად ამიტომ ამბობს რომ არქიტექტორები შეიძლება ვერ გასწვდნენ ყველას ინდივიდუალურ მოთხოვნებს და ჩვენ ჩვენით შეგვიძლია საკუთარი გარემოს მოწყობა. უკეთ ვიცით როდის სად რა გვჭირდება.

ამ წიგნის მერე მოგინდებათ ოთახი შეცვალოთ, სახლი და ეზო შეცვალოთ, შეიძლება ჩემსავით ოცნებად გაგიხდეთ აშენება.

(არსებობს წიგნის მეორე უზარმაზარი ნაწილიც, რომელიც არქიტექტურილი პატერნებით არის სავსე. თუ რამეს აკეთებთ ახლა, ძალიან გირჩევდით ამ წიგნების ნახვას.)

Vineyard Farmer's Market
Vineyard Farmer’s Market by Christopher Alexander
Vineyard Farmer's Market
Vineyard Farmer’s Market by Christopher Alexander

გამოხმაურება

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *